„მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ „ქართულ ოცნებაში“ უფრო მეტი თავისუფლებაა, ვიდრე ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიაში. ერთი შემთხვევა მანახეთ, ოპოზიციური პარტია დამისახელეთ, სადაც წევრები აკრიტიკებენ თავმჯდომარეს და ეს წევრი ინარჩუნებს ადგილს. დღეს „ქართული ოცნება“ დემოკრატიის ხარისხით ყველა პარტიას ჯობია, მაგრამ არ ნიშნავს, რომ საუკეთესოა“, – განაცხადა ქუცნაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
პარტიიდან წევრების წასვლასთან დაკავშირებით, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ თავისუფლება არჩევანის პატივისცემასაც ნიშნავს.
„მათ ჰქონდათ არჩევანი.
ბატონ ბიძინას არ დაუსვია საკითხი – წადით, არც კალთები დაუხევია. მან თქვა – გნებავთ წადით, გნებავთ დარჩით. უფრო სწორად, სამი ვარიანტი შესთავაზა: თუ გარიცხვა გინდათ, გაგრიცხავთ, თუ ეს პოლიტიკური კარიერისთვის გაწყობთო. ესეც კი უთხრა კაცმა. მაგრამ მათ აირჩიეს ეს გზა და ჩვენ ამ გზას პატივს ვცემთ.
გამოვრიცხავ ვარიანტს, რომ ბატონ ბიძინას ეთქვას ვინმესთვის ყურში, რომ „მოდი, შენ წადი და მე მოგეხმარები“. ეგეთი რამე გამორიცხულია. ალალია ძალიან ბატონი ბიძინა, გულწრფელი პიროვნებაა ურთიერთობებში, ძალიან ადვილია დღეს მისი კრიტიკა და ძალიან ცდილობენ, რომ გააფერმკთალონ მისი მნიშვნელობა ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პარლამენტში „ქართული ოცნების“ უმრავლესობა ხუთმა დეპუტატმა დატოვა. ესენი არიან: ლევან გოგიჩაიშვილი, ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე.