პრაღის ფორმატში აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გუშინ, 27 თებერვალს გაიმართა. პრაღაში გამგზავრებამდე ზურაბ აბაშიძე თბილისში ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.
„ზურაბ აბაშიძემ მომიყვა, რომ ეს შეხვედრა გაიმართა და დღევანდელი მოლაპარაკებების მთელი ტონალობა თანხვედრაში იყო იმასთან, რაზეც მან ბიძინა ივანიშვილთან ისაუბრა“, – თქვა გრიგორი კარასინმა „ეხო კავკაზა“-სთან ინტერვიუში.
რას გულისხმობდა კარასინი თავის ამ განცხადებაში, არც რუს და არც ქართველ დიპლომატებს არ დაუზუსტებიათ.
„ეხო კავკაზა“-სთან ინტერვიუში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან მისი შეხვედრის გამო აჟიოტაჟის ატეხვა არასერიოზულია და ხელოვნურად არის გამოწვეული. მისივე თქმით, ივანიშვილს შეხვდა როგორც მმართველი პარტიის ლიდერს, რათა პრაღაში დაგეგმილი მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ, ის საქმის კურსში ჩაეყენებინა.
„ჩემი ინიციატივა უკავშირდებოდა იმას, რომ ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ, მსურდა ბიძინა ივანიშვილი საქმის კურსში ჩამეყენებინა. ჩვენ მართლაც შევხვდით. ეს ხანმოკლე შეხვედრა იყო და მე ის საქმის კურსში ჩავაყენე იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრობლემებია ამ ფორმატში, როგორია დინამიკა და ა.შ. ის მმართველი პარტიის ხელმძღვანელია, მმართველი გუნდის ლიდერია“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
როგორც აბაშიძე ირწმუნება, ბიძინა ივანიშვილმა მხოლოდ მოუსმინა და მისთვის რაიმე მნიშვნელოვანი მითითება არ მიუცია.