ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ხომ არ უკავშირდება „წყვილების დახმარების ცენტრის“ დაფუძნება ემზარ კვიციანის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს.
„2020 წლიდან პოლიტიკაში დარჩენას აღარ ვაპირებ. უკვე 60 წლის გავხდები 2020 წელს და ქველმოქმედებით დავკავდები.
მე კიდევ თითქმის ორი წელიწადი დამრჩა. ვიშრომებ მაქსიმალურად, ვიმუშავებ და დავიხარჯები მთლიანად. ამის შემდეგ ალბათ ჩემს გზაზე წავალ.
ამ ცენტრის საქმიანობით არ ვიქნები დაკავებული, მაგრამ გვერდში დავუდგები ბოლომდე, ეს ფაქტია“, – განაცხადა კვიციანმა.
ემზარ კვიციანი საქართველოს პარლამენტის წევრი 2016 წლის არჩევნების შედეგად გახდა. მიმდინარე წლის 13 თებერვალს მისი ინიციატივით დაფუძნდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი“, რომლის მიზანიც ახლად შექმნილი ოჯახების დახმარება და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ცენტრის ოფიციალურად რეგისტრაციამდე, 7 თებერვალს, კვიციანმა თქვა, რომ ორგანიზაციაში ფულს ემიგრანტები ჩარიცხავენ და „დაიწყება დახმარება ახალი ოჯახების გასაძლიერებლად“. მისივე თქმით, ივლიან „აგენტები“ და აღრიცხვაზე აიყვანენ იმ შეყვარებულ წყვილებს, ვისაც ოჯახის შექმნის საშუალება არ აქვთ.