weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლუკაშენკომ განაცხადა, რომ აფხაზეთის აღიარება დასავლეთის სანქციების გამო გადაიფიქრა

13:08 შაბათი, 02 მარტი 2019

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მზად იყო, რუსეთის მსგავსად, აფხაზეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინა, თუმცა ამაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც ნათელი გახდა, რომ მის ქვეყანას სანქციები ემუქრებოდა, ხოლო რუსეთის ხელისუფლება ზარალის ანაზღაურების გარანტიას არ იძლეოდა.

„მზად ვიყავი, ხელი მომეწერა აფხაზეთის აღიარების განკარგულებაზე. ყოველ შემთხვევაში, რუსებს ასე ვუთხარი. მაგრამ რა მოხდებოდა მომდევნო დღეს? ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ხავიერ სოლანა ჩამოვიდა ჩემთან, დიქტატორთან. ხანგრძლივი, კარგი საუბარი გვქონდა. მან თქვა: „თუ აფხაზეთს აღიარებთ, მაშინ, პირველი - საბანკო სისტემიდან გაგთიშავთ, სრულ იზოლაციაში მოექცევით და ა.შ.“. მან პირდაპირ და გულწრფელად მითხრა ყველაფერი“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა გუშინ, პირველ მარტს.

ლუკაშენკოს თქმით, ამ საუბრის შემდეგ ის რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს შეხვდა. აფხაზეთის აღიარების საკითხის განხილვისას, როგორც ლუკაშენკო ამბობს, რუსეთის პრეზიდენტს შეატყობინა სოლანას მუქარის შესახებ, თუმცა მედვედევი მზად არ აღმოჩნდა ამ თემაზე საუბრისთვის.

„იცით რა მითხრა მან? „თქვენ ხომ გესმით, რომ მე პრეზიდენტი ვარ, აქ კი ეკონომიკის საკითხებია, რაც ჩემი კომპეტენცია არ არის. ვლადიმერ ვლადიმერის ძე არის პრემიერ-მინისტრი, მასთან ერთად უნდა გადაწყვიტოთ“. მე გავბრაზდი და ვთქვი: „მომისმინეთ, მეც პრეზიდენტი ვარ და თქვენც, თქვენ მკითხეთ და გიპასუხეთ. თუ არ შეგიძლიათ ამ საკითხის გადაჭრა და პრემიერ-მინისტრთან მგზავნით, მაშინ თქვენთან სალაპარაკო რა მაქვს? რატომ მსაყვედურობთ, რომ მე ვიღაც სადღაც არ ვაღიარე?“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

2009 წლის ივნისში ლუკაშენკო ამბობდა, რომ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, 500 მილიონი აშშ დოლარის რუსულ კრედიტს პირდებოდნენ, თუმცა წინადადებაზე უარი თქვა. 2010 წელს კი ბელარუსის პრეზიდენტი საუბრობდა დასავლელი პოლიტიკოსის მხრიდან მუქარაზე. მაშინ ლუკაშენკოს ამ პოლიტიკოსის ვინაობა არ დაუსახელებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]