weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პროკურატურამ ზესტაფონის გამგებლის ყოფილი მოადგილე ხვიჩა გუმბერიძე დააკავა

12:06 კვირა, 03 მარტი 2019

პროკურატურის თანამშრომლებმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე ხვიჩა გუმბერიძე დააკავეს. გუმბერიძეს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება. პროკურატურის მტკიცებით, გუმბერიძის ქმედებით სახელმწიფომ 346 953 ლარით იზარალა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამგებლის მოადგილე ხვიჩა გუმბერიძეს, რომელიც იმავდროულად სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სამუშაოს შესრულების ხელშეკრულებების ინსპექტირების ჯგუფს ხელმძღვანელობდა, სამუშაოების ხარისხის დადგენა, ზედამხედველობის განხორციელება, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და ანგარიშსწორების პროცესის რეგულირება ევალებოდა.

„2014 წლის 6 ივნისს ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა და შპს „ტობემ“ სოფელ ტაბაკინის გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოს შესასრულებლად 930 195 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმეს. სამუშაოს პროცესში დეფექტებისა და ნაკლოვანებების გამოვლენის გამო ტექნიკურმა ზედამხედველმა არაერთხელ მიმართა წერილობით გამგეობას და აცნობა, რომ სამუშაოები ჩატარებული იყო ხარვეზებითა და პროექტის დარღვევით.

შესაბამისი დოკუმენტაცია დაეწერა ხვიჩა გუმბერიძეს, რომელსაც სრული წარმოდგენა ჰქონდა არსებული ნაკლოვანებების თაობაზე, თუმცა დაკისრებული სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა.

კერძოდ, ხვიჩა გუმბერიძემ საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, ტექნიკური ზედამხედველის დადებითი დასკვნის არ არსებობის პირობებში, რაც ხელშეკრულების თანახმად სამუშაოს ჩაბარების საფუძველი უნდა ყოფილიყო, უპირატესობა მიანიჭა შპს „ტობეს“და უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე გაუფორმა მიღება-ჩაბარების აქტები.

დოკუმენტების მიხედვით, სამუშაოები შესრულებული იყო დამაკმაყოფილებლად, შესაძლებელი იყო ღირებულების ანაზღაურება და შედეგად შემსრულებელს ჩაერიცხა თანხა. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დადასტურებულია, რომ შესრულებული სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი უხარისხოა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების ინფორმაციით, ხვიჩა გუმბერიძის ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი, მატერიალურმა ზიანმა კი 346 953 ლარი შეადგინა.

ხვიჩა გუმბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობაზე 2015 წლამდე მუშაობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]