„ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა, პარლამენტიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების. მე წერილებს არ ვწერ, სათქმელს ყველას პირდაპირ და პირში ვეუბნები.
მათ შორის იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს. ბიზნესში პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. შანტაჟის ენით საუბარი საჯარო პოლიტიკაში უნდა გაქრეს. მიუხედავად ამ შანტაჟის ენით საუბრისა, ყველას მოუწევს პასუხი აგოს, როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზეც. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა - სხვა ყველაფერი არის ტყუილი“, – განაცხადა გახარიამ ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, ის მზად არის, „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში მივიდეს.
დღეს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო. ხაზარაძის თქმით, გარკვეული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბანკს საერთაშორისო დონეზე რეპუტაციის „დანგრევით“ ემუქრებოდნენ. მამუკა ხაზარაძე ირწმუნება, რომ მუქარის შესახებ პროკურატურა ინფორმირებული იყო, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის განცხადებების შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისიხლის სამართლის საქმის დაუყოვნებლივ აღძვრა და მისი გადადგომა მოითხოვა, „ევროპულმა საქართველო“ კი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნა მამუკა ხაზარაძის მოთხოვნაც არის.