„ევროპული საქართველო“ პარლამენტში სხვა ფრაქციებს, მათ შორის უმრავლესობას, მოუწოდებს, შეუერთდნენ მათ მოთხოვნას. საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.
„უკვე გვაქვს უმცირესობის წევრების ხელმოწერები, რომლითაც ისინი ადასტურებენ მზაობას, რომ შეიქმნას პარლამენტში საგამოძიებო კომისია. მინდა მივმართო სხვა ფრაქციებს და უმრავლესობას ორი ძირითადი მიზეზით, რატომ უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია „თიბისი ბანკსა“ და ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით. პირველი – ეს არის ძალიან მაღალი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმე, ვინაიდან „თიბისი ბანკი“ წარმოადგენს ამ ქვეყნის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტს, ხოლო ანაკლიის პორტს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის. ამიტომ,
თემა, რომელიც უკავშირდება საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხს, რა თქმა უნდა, უნდა იყოს საპარლამენტო კომისიის განხილვის საგანი.
მეორე – ბრალდებები, რომლებიც გუშინ მოვისმინეთ მამუკა ხაზარაძისგან წარმოადგენს ძალიან სერიოზულ ბრალდებებს მაღალი თანამდებობის და უმაღლესი თანამდებობის პირების წინააღმდეგ. ეს არის გაჟღერებული საკითხები, რომლის მიხედვითაც, უმაღლესი თანამდებობის პირები პირდაპირ მონაწილეობენ ბიზნესზე ზეწოლაში, შანტაჟში, ბიზნესის გამოყენებაში საარჩევნო მოსყიდვისთვის. ეს არის ის თემა, რომელზეც პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი უფლებამოსილი და ვალდებულია, შექმნას საგამოძიებო კომისია, საკითხი გამოიძიოს და მიიტანოს საზოგადოებამდე. მესამე –
ჩვენ გუშინ მოვისმინეთ მამუკა ხაზარაძის პოზიცია, რომ მზად არის, შესაბამისი ფაქტები, მათ შორის, წერილი, რომელზეც ის საუბრობდა, გამოაქვეყნოს და საჯარო გახადოს სწორედ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. მან გუშინ ითხოვა ამ კომისიის შექმნა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, კომისიის პირდაპირი ამოცანა სიმართლის დადგენა იქნება და არა „თანამდებობის პირების ციხეში გაშვება“.
4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მუქარის წერილი მიიღო. ხაზარაძის თქმით, მას ემუქრებოდნენ, რომ კონკრეტული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში „თიბისი ბანკს“ საქართველოსა და საერთაშორისო ასპარეზზე რეპუტაციას დაუნგრევდნენ. მოგვიანებით, დეპუტატ ირმა ნადირაშვილის კითხვაზე პასუხის დროს, ხაზარაძემ დააკონკრეტა, რომ წერილის ავტორი გიორგი გახარია იყო.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ პროკურატურა ინფორმირებული იყო, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა. თავად შინაგან საქმეთა მინისტრი ხაზარაძის ბრალდებას უარყოფს.