ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ პოლიტიკაში დაბრუნებულმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილთან და გუნდთან ერთად ბოლომდე დაიხარჯება.
„ბატონ ივანიშვილთან მუშაობა რომ დავიწყე და გავიცანი, 21 წლის ვიყავი. ჩემთვის ეს ადამიანი არის ძვირფასი, თვითონ და მისი ოჯახი.
რა თქმა უნდა, მე ვიყავი და ბლოლომდე დავიხარჯები მასთან ერთად, ამ გუნდის წიაღში, ასე ვთქვათ და გავაკეთებ იმ საქმეს, რაც გუნდის ფარგლებში დამევალება. მე ვიმუშავე და შემიძლია ვთქვა, რომ ღირსეულად ვატარე ის მანდატი, რომელიც გადმომეცა მისგან იმიტომ, რომ ის ძალაუფლება და მანდატი ეკუთვნოდა და ეკუთვნის მას. ეს ავიწყდება ყველას.
ყველაში ვგულისხმობ ყველას. ჩვენც ვიომეთ მაგრამ... ხალხს სჭირდება ლიდერი. ლიდერის გარეშე არაფერი გამოდის. რა თქმა უნდა, ლიდერი ვერ შეძლებს ვერაფერს ხალხის გარეშე. ეს კომბინაცია თუ არ შედგა, იქ არაფერი გამოვა. რატომ არ მოხდა მანამდე [2012 წლამდე] მაშინ, არაერთი მცდელობის მიუხედავად? სხვა ოპოზიციური გაერთიანებების მცდელობები ვნახეთ, მერე დაპირებები, მოლოდინები და მიტოვება ხალხის. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში დამოკიდებულია ლიდერზე, მის უნარებზე და რა თქმა უნდა, ხალხზე და ხალხის განწყობაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
5 მარტს, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და პარტიის პოლიტსაბჭოს მდივნად დაინიშნა. ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2013-2015 წლებში იკავებდა. 2012-2013 წლებში ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.