weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გარდა თავისუფალი ბიზნესისა, ივანიშვილის თავდასხმის ობიექტია თავისუფალი მედია – უდუმაშვილი

10:40 ხუთშაბათი, 07 მარტი 2019

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პროკურატურის მიერ გმოქვეყნებული წერილი, რომელიც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა გამოძიებას წარუდგინა, ადასტურებს, რომ „ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოს მიტაცების ფართომასშტაბიან კამპანიას ახორციელებს“. უდუმაშვილის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია აბსოლუტურ ნდობას უცხადებს მამუკა ხაზარაძის მტკიცებულებებს.

„ამავე დროს, ვაცხადებთ, რომ არანაირი იმედი არ გვაქვს, ამ ხელისუფლების და ამ პროკურატურის პირობებში ამ საქმის გამოძიების.

დარწმუნებული ვართ, ახალი ხელისუფლების პირობებში, ყველას მოუწევს პასუხისმგებლობაში მიცემა, ვისაც რაიმე კავშირი აქვს ამ ბინძურ საქმესთან.

გამოქვეყნებული წერილი ადასტურებს, რომ სახეზეა ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებები. ჩვენი ინფორმაციით, არსებობს კიდევ დამატებითი მტკიცებულებები ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შესახებ „თიბისი ჯგუფის“ საქმეში.

გარდა თავისუფალი ბიზნესისა, ივანიშვილის თავდასხმის ობიექტია თავისუფალი მედია. წერილის თანახმად, კიდევ ერთხელ იკვეთება, რომ ხელისუფლების სამიზნეა „ტვ პირველი“ და აგრეთვე, ივანიშვილს სურს მთლიანად გააკონტროლოს სრულიად არაპოლიტიკური არხი. ეს არის არხი „არტარეა“.

ასევე, ამ წერილშივე კარგად ჩანს, რომ ტელეკომპანია „იმედი“ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მიზნების მსახურია და იცავს მხოლოდ ივანიშვილის პირად ინტერესებს.

ის, რაც აქამდე ისედაც ცნობილი იყო, დოკუმენტურად დადასტურდა. ივანიშვილის მიზანი არ არის სახელმწიფოს წინსვლა და განვითარება. მისი მიზანია დააკნინოს და ხელში ჩაიგდოს ქვეყანაში არსებული ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი და მოახდინოს ძალაუფლების სრული მონოპოლიზება. მთლიანად გააქროს კრიტიკული აზრი ქვეყანაში და ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე კიდევ უფრო მეტი სიმდიდრე მიიღოს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, საჭიროა საზოგადებისა და პოლიტიკური სპექტრის სრული კონსოლიდაცია ფორმულით – „ყველა მინუს ერთი“

„საჭიროა სწორედ საზოგადოების აქტიურობით და ერთიანობით დავიცვათ ტელეკომპანია „პირველი“, რათა წინ აღვუდგეთ ივანიშვილის ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკიას. როგორც არასდროს, ახლა საჭიროა საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის სრული კონსოლიდაცია ფორმულით „ყველას მინუს ერთი“, რათა ერთიანი ძალებით გავისტუმროთ ივანიშვილის რეჟიმი ხელისუფლებიდან“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მუქარის წერილი მიიღო. ხაზარაძის თქმით, მას ემუქრებოდნენ, რომ კონკრეტული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში „თიბისი ბანკს“, საქართველოსა და საერთაშორისო ასპარეზზე, რეპუტაციას დაუნგრევდნენ. მოგვიანებით, დეპუტატ ირმა ნადირაშვილის კითხვაზე პასუხის დროს, ხაზარაძემ დააკონკრეტა, რომ წერილის ავტორი გიორგი გახარია იყო. მამუკა ხაზარაძის თქმით, მოთხოვნები, რაზეც წერილში იყო საუბარი, არ შეუსრულებიათ.

6 მარტს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოაქვეყნეს წერილი, რომელიც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ 5 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას წარადგინა. წერილში მამუკა ხაზარაძეს სამი მოთხოვნის შესრულებას სთხოვენ. მათგან პირველი ტელეკომპანია „პირველის“ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას უკავშირდება, მესამე მოთხოვნის მიხედვით კი „არტარეას“ უნდა დაეტყოს ობიეტურობის მაღალი ხარისხი“.

წერილს ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელი ვახტანგ წერეთელი გამოეხმაურა. მისი თქმით, გამოქვეყნებული წერილის შინაარსი „პირველის“ მხრიდან აღქმულია, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არხის გაკონტროლების სურვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]