ბახტაძის თქმით, საქართველოში გაიხსნება პროფესიული სასწავლებლები, სადაც ახალგაზრდები დაეუფლებიან ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და ხელობებს, მიიღებენ ევროპულ სერთიფიკატებს და დასაქმდებიან მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან ქვეყანაში.
„როცა ჩვენ გავალთ მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ნიშნულზე, რაც ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს და გაიზრდება კერძო ინვესტიციები, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან იქნება ყველაზე ხარისხიანი უმაღლესი სასწავლებლები, საქართველოს უნივერსიტეტები მოხვდებიან საერთაშორისო ტოპ-რეიტინგებში და აღარ იქნება საჭირო, რომ ჩვენი შვილები საზღვარგარეთ გავაგზავნოთ ბაკალავრის თუ მაგისტრის დიპლომის მისაღებად.
შესაბამისად, ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი უმაღლესი განათლება იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი და არა - პრივილეგია.
ეს ნიშნავს სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობას, ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიებს, საცდელ მეურნეობებს, კვლევით ცენტრებს და ინსტიტუტებს, შესაბამისად - ახალ აღმოჩენებს, მეცნიერულ მიღწევებს და ტექნოლოგიურ სტარტაპებს. ეს ნიშნავს სახელოვნებო განათლების ინტენსიურ განვითარებას და ჩვენი კულტურის კიდევ უფრო გამდიდრებას. ეს ნიშნავს ახალ სკოლებს და საბავშვო ბაღებს ყველგან, ყველა რეგიონში, ახალ უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებს, ახალ კამპუსებს და რაც მთავარია - ახალ მკვლევარებს, პედაგოგებს, მეცნიერებს, ხელოვანებს, რომლებიც შეცვლიან ჩემთვის ყველაზე მიუღებელ ტერმინს „მცირერიცხოვან ერს“ და გასცემენ პასუხს არც თუ ისე რიტორიკულ შეკითხვაზე - სად არის ხსნა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა დღეს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში მთავრობის ახალი ინიციატივა „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ წარადგინა.