weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ტრიპოლსკისთან დაპირისპირების გამო მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორი მოხსნეს

18:26 შაბათი, 01 ივლისი 2017

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ზეიკიძე გათავისუფლების მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა „რეგინფოს“ ინფორმაციით, ეს საკადრო ცვლილება საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ერეკლე ტრიპოლსკისთან დაპირისპირებას უკავშირდება.

საქმე ეხება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის გიზო ჩოხელის საქმიანობას. დუშეთის გამგებელი აუდიტის სამსახურმაც არაერთხელ ამხილა დარღვევებში, რომლებიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

დაზუსტებული ინფორმაციით, დარღვევებთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ, გოჩა ზეიკიძემ წერილით პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართა და გამგებლის გათავისუფლება მოითხოვა.

„ქართული ოცნების“ მცხეთა–მთიანეთის რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელების თქმით, დუშეთის გამგებელს ერეკლე ტრიპოლსი მფარველობს და სწორედ მისი დამსახურებით არის, რომ ვაჟა ჩოხელს ფინანსური დარღვევების, ასევე საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივად ხარჯვის გამო აქამდე არ იჭერენ.

მათივე ინფორმაციით, გუბერნატორის მიერ პრემიერისთვის გაგზავნილი წერილის შესახებ ერეკლე ტრიპოლსკიმ შეიტყო, რის შემდეგაც ზეიკიძის მოხსნა მოითხოვა, იმ შემთხვევაში კი თუ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის პასუხისმგებლობის საკითხს დასვამდა და ამაზე სასაუბროდ ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდებოდა.

ერეკლე ტრიპოლსკი არ ადასტურებს, რომ ის ზეიკიძეს გიზო ჩოხელის გამო დაუპირისპირდა და ამბობს, რომ ზეიკიძესთან დღემდე კარგი ურთიერთობა აქვს. გოჩა ზეიკიძე კი ამ საკითხებზე არ საუბრობს.

„მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ხელმძღვანელობის ცვლილების დრო დადგა. ჩვენ მხარეს ახალი გუბერნატორი ეყოლება. მინდა წარმატებები ვუსურვო და გამოვთქვა მზადყოფნა თანადგომისთვის. მივდივარ სუფთა სინდისითა და ხელებით. ვიყავი და ვრჩები ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებული გუნდის წევრად“, - ნათქვამია ზეიკიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყოფილი გუბერნატორი მუშაობას სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ კომპანიაში, შპს „მექანიზატორში“, დირექტორის მოადგილედ გააგრძელებს.

გოჩა ზეიკიძე მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორად 2016 წლის მარტში დაინიშნა, მას შემდეგ, რაც ნუგზარ ყიფიანი გუბერნატორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მანამდე, 2014 წლის თებერვლიდან ზეიკიძე გუბერნატორის მოადგილედ მუშაობდა.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორის ვაკანტურ თანამდებობაზე ლევან ზაუტაშვილის კანდიდატურა განიხილება.

„რეგინფო“ ერელე ტრიპოლსკსა და გოჩა ზეიკიძეს შორის არსებულ დაპირისპირებაზე, მათ შორის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამოვლენილ დარღვევებზე ვრცლად უახლოეს დღეებში გიამბობთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]