პრემიერის შეფასებით, ეს საქმე „პოლიტიკურად ორკესტრირებულია“.
მამუკა ბახტაძემ კომენტარი გააკეთა მუქარის შემცველ წერილზე, რომელზეც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო.
„დღეს 8 მარტია. რომ იყოს პირველი აპრილი, გულწრფელად, უფრო გამიადვილდებოდა ამ წერილზე პასუხი, განმარტების გაკეთება და შეიძლება, არვიცი, ისიც მეთქვა, რომ გიორგი გახარიამ ჩემთან დაადასტურა, რომ ნამდვილად ჩაწერა, მათ შორის ის, რომ „არტარეასთან“ ერთად რომელიმე მუსიკალური არხისგან ან „რაგბი TV“-სგან სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ითხოვდა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მუქარის წერილი მიიღო. ხაზარაძის თქმით, მას ემუქრებოდნენ, რომ კონკრეტული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში „თიბისი ბანკს“, საქართველოსა და საერთაშორისო ასპარეზზე, რეპუტაციას დაუნგრევდნენ. მოგვიანებით ხაზარაძემ დააკონკრეტა, რომ წერილის ავტორი გიორგი გახარია იყო.
6 მარტს გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა წერილის ასლი, რომელიც მამუკა ხაზარაძემ 5 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას წარადგინა. წერილში მამუკა ხაზარაძეს სამი მოთხოვნის შესრულებას სთხოვენ. მათგან პირველი ტელეკომპანია „პირველის“ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას უკავშირდება, მესამე მოთხოვნის მიხედვით კი „არტარეას“ უნდა დაეტყოს ობიეტურობის მაღალი ხარისხი“.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წერილთან კავშირს უარყოფს.