„2012 წლიდან თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცერთ ფაქტს, რომ სახელმწიფო რომელიმე ბიზნესს ატერორებდეს ან ზეწოლაში ჰყავდეს. არვიცი, ამ ფაქტებთან დაკავშირებით რასთან გვაქვს საქმე. თუ ვიღაც, კონკრეტული პიროვნება რაღაც არასწორს და კანონსაწინააღმდეგოს აკეთებს, შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან და ყველას მოეთხოვება, თუ ეს სიმართლეს შეეფერება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ვასილ სოფრომაძემ გუშინ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ფინანსთა სამინისტროს მიერ მის წინააღმდეგ დაწყებულ დევნაზე საუბრობს.
„ერთი წელიწადია უკვე, ჰაერში დაკიდებული ვყავარ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სტრუქტურებს, რომლებმაც ყველა რეგლამენტის დარღვევით ვერ დადეს საგადასახადო დასკვნა, ვინაიდან იციან, რომ აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს“, – ამბობს სოფრომაძე.
მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები მის მაღაზიებში „იპარავენ“ და „იარაღს ატრიალებენ“, რისი დამადასტურებელი კადრებიც აქვს.
სოფრომაძის განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც გამოეხმაურა. ბახტაძის თქმით, როდესაც ბიზნესმენი ასეთ მძიმე ბრალდებას აყენებს, ან უნდა დაადასტუროს, ან ცრუ დასმენისთვის პასუხი აგოს. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა „უდიდეს პატივს სცემს თითოეულ ადამიანს, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის საქართველოში“.