„არსებობდა გარკვეულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა, ჩვენ შევძელით და პოზიციების გაცვლა დავასრულეთ. დისკუსია დასრულებულია, პოზიციები შეჯერებულია და თემა არის ამოწურული. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ერთიანი გუნდის, ერთიანი პოზიციის პირობებში მუშაობას“, – განაცხადა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
თეა წულუკიანი გუშინ გამოეხმაურა ბოლო დღეების განმავლობაში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მისი შესაძლო გადადგომის თაობაზე და თანამდებობის დატოვება არ გამორიცხა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა თემა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გადასაწყვეტი საკითხი იყო. წულუკიანის თქმით, საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობდა და მას ჰქონდა მყარი პოზიცია.
„თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება. მე, რა თქმა უნდა, არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გვერდზე გავიწევი“, – განაცხადა 11 მარტს იუსტიციის მინისტრმა.
წულუკიანმა დღეს განმარტა, რომ საკითხი, რომელზეც დისკუსია მიმდინარეობდა, არც შეწყალების კომისიას და არც სასჯელაღსრულების იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანებას არ ეხებოდა. მან აღნიშნა, რომ თუ დღეს შეთანხმება მიიღწეოდა, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი გაგრძელდებოდა.
ჟურნალისტების კითხვაზე, კონკრეტულად რა საკითხზე არსებობს გუნდში აზრთა სხვადასხვაობა, წულუკიანმა უპასუხა, რომ ამაზე შეიძლება მხოლოდ სიბერეში ისაუბროს: „როდესაც მექნება თეთრი თმა და გავიკეთებ „კოსას“, შეიძლება ამ თემაზე ვისაუბრო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ ვთვლი საჭიროდ თემის დაკონკრეტებას, საერთოდ არ ვისაუბრებდი ღიად აზრთა სხვადასხვაობაზე, რომ არ გამოსულიყო გარეთ“.