weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სამწუხაროა რომ ყარაბაღიდან აფხაზეთსა და ცხინვალში დელეგაციები ჩამოდიან – ზურაბიშვილი

17:20 ხუთშაბათი, 14 მარტი 2019

„ძალიან სამწუხარო და მტკივნეულია ჩვენთვის, როცა მთიანი ყარაბაღიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ და აყენებენ საკითხს, თითქოსდა ეს არის ერთი და იგივე ტიპის კონფლიქტები, რაღაც სიმეტრიას ეძებენ“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ერევანში, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ არარატ მირზოიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ კონფლიქტების საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის პარლამენტების თანამშრომლობა.

„ეს კონფლიქტები ალბათ ჩვენი რეგიონისთვის არის ის, რაც ყველაზე მეტად აფერხებს ჩვენს ერთობლივ წინსვლას. როგორც იცით, საქართველოში არის ორი ოკუპირებული ტერიტორია და თუ ვსაუბრობთ ქვეყნის ინტერესებზე, ჩვენთვის მთავარი და ერთადერთი ინტერესია, რომ ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღიარებული, აღიარებული არამხოლოდ სიტყვიერად, არამედ ფაქტობრივად“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, სომხეთის ხელისუფლების მსგავსად, საქართველოს ხელისუფლებასაც მიაჩნია, რომ არსებული კონფლიქტების გადაწყვეტა შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით.

„ჩვენ ამ პოლიტიკის ურყევი მიმდევრები ვართ, არ ვცვლით მას და არ გვგონია, რომ არსებობდეს სხვა ალტერნატივა ამ რეგიონში. ყველაფერი, რაც ამძაფრებს ამ კონფლიქტებს და უფრო რთულს ხდის მათ გადაწყვეტას ჩვენი რეგიონის ინტერესების წინააღმდეგ მიდის.

ამ კონფლიქტების გადაწყვეტის ერთადერთი გზა, ჩვენი პარტნიორების უფრო მაღალი დონის პოლიტიკური ჩარევაა.

საამწუხაროდ, ახსენეთ თქვენ მინსკის ჯგუფი და ასევე, ჩვენთან მიმართებაში არსებობს ჟენევის ფორმატი, რომლებიც მეტნაკლებად გადასულები არიან რაღაც ტექნიკურ საკითხებზე და არ არიან იმ პოლიტიკური დონის გადაწყვეტილებების მიმღები, რომლებმაც დღეს შეიძლება რამე გარდატეხა შემოიტანონ ამ სიტუაციაში. მგონია, რომ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, რომ საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით, ამ კონფლიქტების გადაწყვეტის ახალ ეტაპს მივაღწიოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]