weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს

13:14 ორშაბათი, 18 მარტი 2019
არქივის ფოტო არქივის ფოტო

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე დღეს, 18 მარტს გავრცელდა.

სააკაშვილი ამბობს, რომ თავმჯდომარის თანამდებობაზე გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას უჭერს მხარს, რადგან ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა ვაშაძის პოტენციალი კარგად აჩვენა. მისივე თქმით, მიუხედავად მისი პირადი სიმპათიებისა, ახალი ლიდერი პარტიამ საყოველთაო კენჭისყრით უნდა აირჩიოს.

„ივანიშვილმა გააკეთა ყველაფერი, მე არ მიშვებს ქვეყანაში, ზოგიერთი ჩვენი ლიდერი არის ციხეში, სულ ახლახან დავით კირკიტაძე დააპატიმრეს და ეს რა თქმა უნდა, ართულებს ორგანიზაციის მუშაობას, მაგრამ იმისთვის, რომ ეს გადაილახოს, ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივად მოქნილები და ვაკეთოთ ისეთი რამე, რაც არ შეაჩერებს არც ერთი დღით ჩვენს ბრძოლას. ამიტომ ამ სიტუაციაში ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევა. იმიტომ, რომ

„ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება ადგილზე ლიდერი, რომელიც ამ დროშას აიტაცებს თქვენთან ერთად. მე ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძემ ძალიან მაგრად ჩაატარა საპრეზიდენტო კამპანია და მე პირადად მას დავუჭერდი მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოში ახალი ხალხის ჩართვაა საჭირო: „ჩვენ გვყავს 400 ათასი რეგისტრირებული აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტი. ამ ხალხმა, თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები, არა ვიღაცების მეშვეობით, არა კულისებში, არა ვიღაცების ერთმანეთში მოლაპარაკებით, თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და ელექტრონული კენჭისყრის მექანიზმები, რომელიც არსებობს, ამის საშუალებას იძლევა“.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ფართო ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად, ქვეყნის გადარჩენასა და ქვეყნის მმართველობაზე პასუხისმგებლობის ასაღებად ემზადება. მისი თქმით, ეს იქნება მთლიანად ქართველი ხალხის მმართველობა, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]