ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ პრეზიდენტს ჰკითხა, უჩნდება თუ არა სურვილი, რომ ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს შეხვდეს. გრიგოლიამ ზურაბიშვილს შეახსენა, რომ ოპოზიციაში ყოფნისას, წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულს ის „ქუჩაში აპროტესტებდა“.
„აღარ ვარ ოპოზიციაში. ვარ სახელმწიფოს ერთ-ერთი სახე, რომელიც არ შეიძლება ჩათრეული იყოს... მე სრულიად ვარ სარალიძის, როგორც მამის გვერდით და ამიტომ ვიყავი ხორავას კომისიაში, მაგრამ როგორც კი გავხდი საპრეზიდენტო კანდიდატი, ვთქვი - უნდა გამოვიდე აქედან, არ შეიძლება იქაც ვიყო ჩართული. იმიტომ, რომ არა მხოლოდ კომისიამ, საერთოდ, ამან მიიღო პოლიტიკური სახე.
ძველი დროის ამბებში ვიყავი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. ახლა ვარ სახელმწიფო მოღვაწე“, – განმარტა ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, პრეზიდენტის რანგში აპირებს თუ არა ზაზა სარალიძესთან და მალხაზ მაჩალიკაშვილთან შეხვედრას, სალომე ზურაბიშვილმა თქვა: „არ ვიცი, ვნახავ, თუ საჭიროება იქნება შეიძლება შევხვდე, მაგრამ მე ორივეს ერთ დონეზე არ დავაყენებდი არავითარ შემთხვევაში. ორი სხვადასხვა საკითხია“.
ჟურნალისტმა პრეზიდენტს სთხოვა დაეზუსტებინა, რის მიხედვით დაყო ეს საქმეები, რაზეც მან განმარტება არ გააკეთა და თქვა – „ვიცი, რის მიხედვით“.