weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს მამუკა ბახტაძეს და მიხეილ ბატიაშვილს მოუსმენენ

10:04 პარასკევი, 22 მარტი 2019

საქართველოს პარლამენტში დღეიდან პირველად ინტერპელაციის წესი ამოქმედდება. ამ ფორმატის ფარგლებში, დეპუტატები პირველად პრემიერ-მინისტრს მოუსმენენ. 12:00 საათიდან მამუკა ბახტაძე კანონმდებლებს ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით წარუდგენს.

პრემიერ-მინისტრის გარდა, ინტერპელაციის ფარგლებში, დღევანდელ სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილსაც მოუსმენენ. ბატიაშვილი მასწავლებელთა ხელფასებისა და საატესტატო გამოცდების გაუქმების შესახებ ისაუბრებს.

საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის მისვლა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოითხოვა, განათლების მინისტრის კი „ევროპულმა საქართველომ“.

ინტერპელაციის წესი გათვალისწინებულია პარლამენტის ახალი რეგლამენტით, რომლის მიხედვით, პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს, ან ფრაქციას, უფლება აქვს, ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს. შეკითხვა წერილობითი უნდა იყოს და შინაარსი კი კონკრეტული. რეგლამენტის მიხედვით, ადრესატი ვალდებულია, შეკითხვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირადად უპასუხოს.

რეგლამენტის მიხედვით, პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად შეკითხვის ავტორს ეძლევა 10 წუთი, ხოლო შემდეგ ადრესატს – 20 წუთი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 წუთით.

ამასთან, შეკითხვის ავტორს უფლება აქვს, დამაზუსტებელი კითხვით ადრესატს მიმართოს ერთხელ, არაუმეტეს სამი წუთით. პასუხის დაზუსტებისთვის ადრესატს ეძლევა არაუმეტეს 10 წუთი.

აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ, შესვენება ერთი საათით ცხადდება. შესვენების შემდეგ კი დებატები შემდეგი წესით იმართება: უმრავლესობასა და უმცირესობას 45-45 წუთი ეძლევათ, თითოეულ ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში – 15 წუთი, ხოლო პარლამენტის თითოეულ დამოუკიდებელ წევრს – 5 წუთი.

დებატების შემდეგ ადრესატს დასკვნითი გამოსვლისთვის 20 წუთი ეძლევა. დებატებისა და ადრესატის დასკვნითი გამოსვლის დასრულების შემდეგ კი შეიძლება, მიღებულ იქნას დადგენილება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]