weather cur horoscope tv
ოქტომბერი 22, 2021

მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ჯარები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთიდან – იენს სტოლტენბერგი

12:04 ორშაბათი, 25 მარტი 2019 hits 1141

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთს, გაიწვიოს აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები ამ ტერიტორიებიდან.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, რომ გაიწვიოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები ამ ტერიტორიებიდან. [...] ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ საქართველო აუცილებლად გახდეს ნატო-ს წევრი. საქართველო არის ყველაზე მსხვილი მონაწილე ჩვენს ინიციატივებში, სამხედროების რაოდენობრივი და რიცხობრივი თვალსაზრისით და იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატო-ში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციას და ამ პროცესში რუსეთის ფაქტორს ეხებოდა, სტოლტენბერგმა განაცხადა:

„ნატო-სთვის პრინციპული მნიშვნელობისაა ფაქტი, რომ ყველა ერს აქვს თავისი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, მას თავად შეუძლია აირჩიოს, რა ტიპის უსაფრთხოების მექანიზმებში გაწევრიანდეს. არა მარტო ნატო აცხადებს ამას, არამედ ეს პრინციპი შეთანხმებულია ყველა ერს შორის. რუსეთმაც განაცხადა ამაზე თანხმობა, ხელი მოაწერა ჰელსინკის საბოლოო აქტს და ბევრ სხვა დოკუმენტს, სადაც აშკარად და ცხადად არის დადასტურებული, რომ ყველა ერს აქვს საკუთარი მომავლის არჩევანის უფლება, სამხედრო ალიანსში გაწევრიანება და ა.შ. აქედან გამომდინარე,

საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, რა უნდა მას მომავალში და ჩვენ როცა მზად ვიქნებით თქვენს მისაღებად, არავის ექნება ამ შემთხვევაში გამოკვეთილი აზრი იმდენად, რამდენადაც ჩვენ არ ვაძლევთ ძლიერ სახელმწიფოებს ან მსხვილ სახელმწიფოებს მიკერძოებული აზრის ქონის შესაძლებლობას.

საქართველოსთან მეზობლობა ჩრდილოეთით, რა თქმა უნდა, გასაგებია, მაგრამ ნორვეგიაც არის მსგავს სამეზობლოში. რუსეთი, ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფო ვერ იტყვის, მეზობელმა რა უნდა გააკეთოს. რუსეთი 1949 წელს გახდა წევრი. სტალინს არ მოეწონა ეს ფაქტი, მაგრამ ალიანსის წევრი ქვეყნები ამბობდნენ,  სტალინის ნებას კი არ მივყვებით, ჩვენ შეთანხმებულად ვმოქმედებთო. ეს შეეხებოდა ნორვეგიას, იგივე მოხდება საქართველოს შემთხვევაშიც. ეს თქვენზე და ალიანსის 29 წევრ ქვეყანაზეა დამოკიდებული, თქვენი გადასაწყვეტია“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნული განცხადება თბილისში, მთავრობის კანცელარიაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]