ლადო კახაძე დეპუტატობის კანდიდატად „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე დაასახელა.
„თბილისში, მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად მსურს წარმოგიდგინოთ საკუთარი საქმის პროფესიონალი. ჩვენი ქალაქის, ჩვენი ქვეყნის, ადამიანის მოყვარული და ყველასთვის კარგად ცნობილი პიროვნება ლადო კახაძე. ბატონი ლადოსთვის თბილისზე ზრუნვა უცხო არ არის. ის ძალიან პოზიტიურ ენერგიას შემატებს და გააძლიერებს ჩვენს გუნდს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, პარლამენტის შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ მთაწმინდის ოლქში ლადო კახაძის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი შალვა შავგულიძე იქნება. შავგულიძე „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო ბლოკის მიერ დასახელებული კანდიდატია.