„დღეს მთავრობაზე გამოგვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა განათლების რეფორმის ფარგლებში. მოგეხსენებათ, რომ საბავშვო ბაღების სიმცირე არის ყველაზე დიდი, მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ფიქსირდება. ვინაიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი ვერ წვდება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის განხორციელებას, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მის სისტემაში შემავალი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, მხოლოდ მიმდინარე წელს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 60-მდე ახალი ბაღის მშენებლობას დაიწყებს, რომლის განსახორციელებლადაც ჩვენ გამოვყოფთ 60 მილიონ ლარამდე ინვესტიციას“, – განაცხადა ბახტაძემ.
მისივე თქმით, მცირე ზომის საბავშვო ბაღებისთვის, სადაც ბავშვთა რაოდენობა 50-ზე მეტი არ იქნება, თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა, დიდი ბაღების შემთხვევაში კი ევროპის საინვესტიციო ბანკის სახსრებით ისარგებლებენ.
„ბაღების მშენებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, ჩვენი განათლების რეფორმის ნაწილია. მე მაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ჩვენს მოსახლეობასთან ყველა რეგიონში და ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა არის ბაღების სიმცირე. ამ ინვესტიციების შედეგად, რამდენიმე წლის შემდეგ, ბოლომდე მოვაგვარებთ ამ პრობლემას“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.