ამ საკითხზე მარინე ჩიტაშვილის მოსაზრებას, რომელიც ავტორმა სოციალური ქსელის პირად გვერდზე გამოაქვეყნა, უცვლელად გთავაზობთ:
„დიდხანს ვიფიქრე და გადავწყვიტე მაინც დავწერო კომენტარი ამ აბსურდზე, რომელიც რადგან ჩაიწერა კანონპროექტში ეტყობა სულ რიხინ-რიხინით გაივლის მეორე და მესამე მოსმენებს და ფსევდო-პურიტანული მორალით თავსაფარში გამოხვეულ თვალდახრილ ქალებსა და საკუთარი ღირსებით აღვსილი კაცების მორიგ ქარტიად იქცევა.
ცოდნა ანუ სწავლა, გაგება, ახლის შემეცნება - კოგნიტური ანუ სააზროვნო პროცესია, რომელიც პირდაპირ ბმაში არ არის სიამოვნებასთან და ქცევაში გამოვლინებასთან.
კითხვა მე საიდან მოვედი - სამი წლის ასაკში - ნიშნავს, კითხვას - ამ სამყაროს მე ვუყვარვარ თუ არა, რადგან მე პატარა გულივერი ვარ გოლიათების სამყაროში და ვშფოთავ, ქვემოდან გიყურებთ და ვკითხულობ, რამე ხომ არ მომივა? აქ საიდან გავჩნდი? მე არ მაინტერესებს რა კონკრეტული ქცევა განახორციელა ორმა ადამიანმა ჩემი ჩასახვისათვის. მე მათ სრულიად სხვა რამეს ვეკითხები, მე ეგზისტენციალური კითხვა მაწუხებს აქ უსაფრთხოდ ვარ თუ არა? რატომ არ ვარ თქვენისთანა დიდი? რატომ დამყურებთ ზემოდან? პასუხი ჩემს კითხვაზე ძალიან მარტივია - შენ ჩვენი სიყვარულის შედეგად გაჩნდი და შენ ჩვენი სიხარული ხარ!!! და მე, პატარა გულივერი, მშვიდად ვაგრძელებ ცხოვრებას.
7-8 წლის ასაკში მე ისევ დავსვამ ამ შეკითხვას, უკვე ცნობისმოყვარეობის, შემეცნების სურვილის გამო - ადამიანი როგორ ჩნდება - და რადგან სკოლაში უკვე მასწავლიან ბუნებას, რაღაცას ვხვდები, მაგრამ ბოლომდე ვერა და გეკითხებით მხოლოდ და მხოლოდ გაგებისთვის - რა მექანიზმებით მრავლდებიან ადამიანები? ასეთ დროს პასუხი მარტივია - ცოცხალი ორგანიზმების სამყარო, რომელთა ნაწილიც ჩვენ ვართ და ვეკუთვნით ხერხემლიანებს (შეგიძლიათ საკუთარი ზურგიც კი უჩვენოთ და ხერხემლის მალები დაათვლევინოთ) მრავლდება ორი სქესის, მდედრობითი და მამრობითი, შეუღლებით. მდედრობითი სქესი ატარებს კვერცხუჯრედს, მამრობითი სპერმატოზოიდს, ცალ-ცალკე ისინი ვერ წარმოშობენ თავის მსგავსს, ამისათვის სპეტმატოზოიდმა უნდა შეაღწიოს კვერცხუჯრედში, გაანაყოფიეროს ის და მერე იწყება უკვე ჩანასახის განვითარება, რომელიც სხვადასხვა სახეობისათვის განსხვავებულ დროს იკავებს. პირველად ვითარდება... და აღარ დავწერ რა და როგორ ვითარდება, ამას წაიკითხავს, ვისაც აინტერესებს და მოუყვება შვილებს.
მე გავიგებ, როგორ ჩნდებიან ადამიანები და შემცენებით ინტერესს დავიკმაყოფილებ.
მე არაფერს არ შეგეკითხებით, როდესაც 14-16 წლისას შემიყვარდება ვინმე, ჩემი ორგანიზმი იფეთქებს და მე აღმოვაჩენ, რომ ან ქალი ვარ, და ან კაცი და მიზიდავს მეორე და ის, რაც მითხარით 7-8 წლის ასაკში (როგორ ვმრავლდებით) თურმე რა ქცევისკენ მიბიძგებს და ის, რაც მითხარით 3-4 წლის ასაკში, რომ გიყვარვართ ორს, თურმე რას ნიშნავს. მე არ მაინტერესებს თქვენი აზრი სიყვარულის რიტუალი როგორ უნდა შევასრულო, ამას მე თვითონვე მოვძებნი ინტერნეტით და წავიკითხავ, რომ ამის შესახებ 40 საუკუნის წინაც ზუსტად ისევე და იმდენი იცოდნენ, როგორც ჩვენ ვიცით დღეს. სიყვარულის ქცევის მექანიკა თურმე როგორი ძველი და ახალი ყოფილა ერთდროულად.
თუ თქვენ 3-4 ან 7-8 წლის ასაკში მომიყვებით ქალისა და კაცის სქესობრივი ქცევის შესახებ მე ვერაფერს ვერ გავიგებ, ვერ მივიღებ პასუხს ჩემს კითხვებზე და თქვენსავით გავუცხოვდები საკუთარი თავისაგან და მეგონება, რომ სექსი სირცხვილია, ცუდია და დასამალი. მერე როდესაც მომწიფების პერიოდი დამიდგება - ხმას ვერ ამოვიღებ, ან თავდაყირა გადავეშვები რომელიმე მარგინალურ ჯგუფში, რადგან არ მეცოდინება, რა ხდება ჩემს თავს.
და ეს ყველაფერი იმის ბრალი იქნება, რომ თქვენ უფროსებმა ერთმანეთში აურიეთ რამის ცოდნა, როგორც შემეცნებითი პროცესი, და კონკრეტული ქცევა, როგორც სიამოვნების მიღება.
ამ კანონით საქართველოს პარლამენტი აკანონებს უცოდინრობას იმის შიშით, რომ სიამოვნების მიღება აკრძალულია და სირცხვილია, მათი აზრით. და ასევე ხელს უწყობს ავტორიტეტის მიმართ (მშობლის ნებართვა და თხოვნა) მორჩილებას და აფერხებს ინდივიდუალიზაციის გზაზე საკუთარი თავის გაცნობიერებას და ემოციური ზრდასრულობის მიღწევას.
ყოჩაღ! ზუსტად გაიზიარეთ დასავლური ქვეყნების გამოცდილება - ერთი მაგალითი მაინც მოიყვანეთ თქვენი არგუმენტისათვის. სად ნახეთ იგივე? მშობლის მიერ უარის თქმა რელიგიური მოსაზრებების გამო მიღებულია რიგ ქვეყნებში, მაგრამ ნებართვა, რომ გაკვეთილი ჩაუტარონ, ეს თქვენი მოგონილია. სხვაობასაც ვერ ხედავთ ამ ორ მიდგომას შორის და საყოველთაო პრაქტიკა გგონიათ. ისიც არ გაითვალისწინეთ, რომ ინტერნეტი არსებობს, თქვენი აკრძალვები არაფერს არ გააკეთებს და თავი დაანებეთ საკუთარი სექსუალური ფანტაზიების რეალობად გასაღებას.
არ გამომაპაროთ როდის აკრძალავთ გარკვეული სამეცნიერო მიმართულებებს ევოლუციის თეორიის ჩათვლით - ადამიანის ღვთიური წარმოშობის მოტივით - რომ საკუთარი მოკვდაობის და წარმავლობის შიშს გაუმკლავდეთ.
ვინა ხართ? საიდან მოხვედით? სად ისწავლეთ? რა ისწავლეთ? ვინ გითხრათ, რომ ადამიანის ბედი თქვენი გადაწყვეტილებების ანაბარაა!!!
დღეს შევეცადე ჩემი სტუდენტებისთვის ამეხსნა, რას ნიშნავს პროექცია ამ მაგალითზე. მადლობა ასეთი კარგი ქეისისთვის. მშვენივრად გაიგეს და დაიმახსოვრეს. ისიც ავუხსენი, რომ ნებისმიერი აკრძალვის მიუხედავად იდეა, აზრი არასდროს კვდება და მაგალითად: ქრისტიანობა დგას სამ იდეაზე - სიყვარულზე, თანასწორობასა და თავისუფლებაზე.
ის რუსთაველი მაინც წაიკითხეთ, ყველაფერს რომ მისი სახელი დაარქვით, რომ თქვენგან სასაცილოდ აგდებული ღმერთი არ გაწირავს ადამიანს - „მაგრამ ღმერთი არ გასწირავს, კაცსა შენგან განაწირსა“, – წერს მარინე ჩიტაშვილი.
26 მარტს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ განაცხადა, რომ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტის 35-ე მუხლს დაემატა მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, სკოლებში სქესობრივი აღზრდის შესახებ განათლების მიღება შესაძლებელია მხოლოდ მშობლის თანხმობის შემთხვევაში.
„არააერთხელ მითქვამს, რომ ის და იმ ფორმებით, რაც მოვისმინეთ ქალბატონი ხატია ახალაიასგან იყო მიუღებელი და რომ არ გამოიწვიოს საზოგადოებაში ასეთი მღელვარება და რომ არ გვქონდეს საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირების კერები, ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩაგვეწერა ეს მუხლი, რაც აბსოლუტურად თავსებადობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებთანაც. თუ რომელიმე მშობელს უნდა თავის შვილს ჰქონდეს სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები, ეს მას შეუძლია, ოღონდ მან უნდა მისცეს თანხმობა. მაგრამ ვისაც არ აქვს ამის სურვილი და ვისი ღირებულებებიც ამას ეწინააღმდეგება, მაშინ სხვა ფორმით უნდა მიიღოს ბავშვმა ეს განათლება“, – აღნიშნა კილაძემ.
„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტის ავტორები სოფიო კილაძე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი პაატა ტურავა არიან. მოსალოდნელია, რომ კოდექსს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღებს.