weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზუგდიდში ყველაზე მაგარი სკოლები, ბაღები და უმაღლესი სასწავლებლები იქნება – პრემიერი

16:47 შაბათი, 06 აპრილი 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი (გეგა) შენგელია წარადგინა. ბახტაძე ადგილობრივებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განცხორციელებას დაპირდა.

„როგორც შარშან შეგპირდით, წელს ჩვენ ზუგდიდის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის გამოვყავით 50 მილიონი ლარი. ზუგდიდში შენდება ახალი, ოლიმპიური სტანდარტების აუზი და ეს იყო თქვენი სურვილი. ასევე, აუცილებლად ავაშენებთ პირველი პრეზიდენტის სახელობის ბიბლიოთეკას თქვენს ულამაზეს ქალაქში.

რამდენიმე კვირის წინ ჩვენ დავაანონსეთ ჩვენი ეროვნული იდეა. ის ეროვნული იდეა, რომელიც დაგვეხმარება დავძლიოთ ყველა პრობლემა და გამოწვევა, რომელიც ჩვენს სამშობლოს აქვს. ეს ეროვნული იდეაა განათლება. განათლება, რომელსაც ასე დიდ პატივს სცემენ ზუგდიდში.

მე გპირდებით, რომ სწორედ ზუგდიდი იქნება პირველი ქალაქი, სადაც იქნება ყველაზე თანამედროვე და მაგარი სკოლები, ბაღები, უმაღლესი სასწავლებლები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და ყველაფერი საუკეთესო, რაც განათლებას უკავშირდება.

ბევრი სპეკულაცია მესმის ანაკლიასთან დაკავშირებით, მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ როგორც ადამიანმა, რომელსაც ძალიან დიდი დრო და ენერგია აქვს დახარჯული იმისთვის, რომ ანაკლია შედგეს, მე გპირდებით, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად შედგება, შედგება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რატომ შეარჩია „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატად გიორგი შენგელია. მისი თქმით, ეს ზუგდიდელების რჩევა და რეკომენდაცია იყო.

„ჩვენ ის შევარჩიეთ სამი პრინციპის გათვალისწინებით: პირველი – გეგა არის უმაღლესი დონის პროფესიონალი, რომელსაც აქვს მართლაც უნიკალური გამოცდილება და მოდი, ვკითხოთ ჩვენს თავს, რა სჭირდება დღეს ზუგდიდს? ზუგდიდს სჭირდება სწრაფი ეკონომიკური განვითარება და ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც ქალაქშია. დარწმუნებული ვარ გეგა ამას ყველაზე კარგად გააკეთებს. მეორე – გეგა არის სუფთა წარსულის მქონე და სუფთა პროფესიული წარსულის მქონე ადამიანი, რაც პირადად ჩემთვის, ისევე როგორც თქვენთვის, არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

თქვენ იცით, რომ ჩვენ გადაცდომას არავის ვაპატიებთ და გეგა ამ მხრივაც უალტერნატივო კანდიდატია.

მესამე და ყველაზე მთავარი – გეგა არის თავის ქალაქზე უაღრესად შეყვარებული ადამიანი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, რა სტკივა ქალაქს, რა პრობლემებია ქალაქში და როგორ გადაჭრას ეს პრობლემები. აქედან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, თითოეული ზუგდიდელი მაისში გააკეთებს ერთადერთ სწორ არჩევანს და ეს სწორი არჩევანია „ქართული ოცნება“ და გეგა შენგელია“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გეგა შენგელია 2018 წლის ნოემბრიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის თანამდებობას იკავებს. მანამდე ის „თიბისი ბანკის“ ადგილობრივი ფილიალის მმართველი იყო.

ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება. გიორგი შენგელიას მთავარი კონკურენტი საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი სანდრა რულოვსი იქნება, რომელიც მერობის კანდიდატად გაერთიანებულმა ოპოზიაციამ დაასახელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]