weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოპოზიცია ამ ტრაგედიას სპეკულაციებისთვის იყენებს – ბახტაძე ია კერზაიას საქმეზე

23:40 ოთხშაბათი, 10 აპრილი 2019

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამოსვლის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს სასაპრეზიდენტო არჩვენების დროს საჯარო მოხელეებზე ზეწოლასა და ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

ასამბლეის წევრმა ბორიანა ობერგმა აღნიშნა, რომ არჩევნების შესახებ ეუთო-ს დასკვნაში საჯარო მოხელეებზე ზეწოლაზეა საუბარი. გარდა ამისა, გასულ კვირას ევროპარლამენტის 11-მა წევრმა მამუკა ბახტაძეს მოუწოდა, გამოიძიოს ია კერზაიას სიკვდილი, რომელიც საჯაროდ აცხადებდა მასზე ზეწოლის შესახებ და ამბობდა, რომ ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატის მხარდამჭერ კამპანიაში ჩართვისკენ უბიძგებდნენ. ევროპარლამენტარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართა, შეეძლო თუ არა დაედო პირობა, რომ ეს შემთხვევა ზედმიწევნით იქნება გამოძიებული.

მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ „ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ამ ტრაგედიას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს“.

„რა თქმა უნდა, ეს შემთხვევა ადამიანური ტრაგედია იყო. მსურს მივუსამძიმრო ია კერზაიას ოჯახის წევრებს. ამავე დროს, სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს ამ ტრაგედიას. მაქვს მოლოდინი, რომ გამოძიება უპასუხებს ყველა რელევანტურ შეკითხვას ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბახტაძემ.

ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი შვილი, ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განათლების სამინისტრომ N6 სკოლაში ინსპექტირების ჩატარება გადაწყვიტა. ბაჩანა შენგელიას თქმით, ინსპექტირების საფუძველი გახდა ის, რომ ია კერზაიამ „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერთა სიების მიწოდებაზე უარი უთხრა. შენგელია ამბობდა, რომ სკოლაში ინსპექტირების სამსახური დირექტორის „დასასჯელად“ შევიდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) მიიჩნევს, რომ განათლების სამინისტრომ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ინსპექტირება უკანონოდ ჩაატარა. ISFED -ის ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ინსპექტირების პროცესში ინსპექტორების მიერ პოლიტიკური შინაარსის კითხვები არ დასმულა და არ ყოფილა მინიშნება პოლიტიკური აქტიურობის მოწოდებისკენ, ინსპექტირების დაგეგმვის, ჩატარების და შედეგების გათვალისწინებით იკვეთება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური სავარაუდოდ, მოქმედებდა პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და მათ მოქმედებებში დირექტორის დასჯის მიზანმიმართული ინტერესი იკვეთებოდა.

პროკურატურამ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2019 წლის 11 თებერვალს დაიწყო. გამოძიების შედეგები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]