weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გაერთიანებულმა ოპოზიციამ მარნეულის მერობის კანდიდატად აგილ მუსტაფაევი წარადგინა

16:48 ხუთშაბათი, 11 აპრილი 2019

გაერთიანებულმა ოპოზიციამ მარნეულის მერობის კანდიდატად აგილ მუსტაფაევი დაასახელა. მუსტაფაევი დღეს, მარნეულში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ წარადგინეს.

ქალაქში შეკრებილ მხარდამჭერებს გრიგოლ ვაშაძემ ქართულ და რუსულ ენებზე მიმართა. მისი თქმით, იწყებენ ახალ საარჩევნო კამპანიას, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადება იქნება.

„ეს იქნება მომზადება იმ არჩევნებისთვის, სადაც ბიძინა ივანიშვილი და მისი კრიმინალური რეჟიმი უნდა გავუშვათ სანაგვეში იმიტომ, რომ სხვანაირად საქართველო და მისი ყველა მოქალაქე, რელიგიის, ეთნიკური წარმოშობის და იდეოლოგიური მრწამსის მიუხედავად, დავკარგავთ დამოუკიდებლობას და სახელმწიფოებრიობას. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე. ყველაფრისთვის მზად ვიყოთ. ისე მივიდეთ საარჩევნო უბნებში, კომისიებში, რომ ერთი ხმა არ გავაყალბებინოთ. ჩვენ ე.წ. ქართული ოცნების სამართლებრივი ლეგიტიმაცია დავანგრიეთ საპრეზიდენტო არჩევნებში. თბილისურად გეტყვით - ამათ დედა აღარ ყავთ. თუ ვინმეს გაქცევა შეეძლო, ყველა გაექცა; თუ ვინმე პატიოსანი ადამიანი ჰყავდათ გვერდში, ყველა გაექცათ და კიდევ უფრო მეტი გაიქცევა.

ახალი მარნეული, ახალი თაობა, აგილ მუსტაფაერვი - ამ ლოზუნგით შევიდეთ ადგილობრივ არჩევნებში“, – განაცხადა ვაშაძემ.

მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა აგილ მუსტაფაევმაც. მისი თქმით, მარნეულში და მთელ საქართველოში წლებია ნეპოტიზმია, კრიმინალი გაიზარდა და არ იქმნება სამუშაო ადგილები.

„ჩვენ, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ვიცით, როგორ უნდა გაკეთდეს საქმე, როგორ უნდა მოვიშოროთ ეს პრობლემა. ჩვენ ერთად გავაგრძელებთ აღმშენებლობას. სირცხვილია, რომ დღეს ქალაქ მარნეულში წყლის პრობლემაა. მარნეულში უნდა იყოს 24-საათიანი წყალმომარაგება. ეს არ არის დაპირება. ეს არის ჩვენი ვალდებულება. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ეს გამარჯვება იქნება ხალხის “, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება. „ქართული ოცნებიდან“ არჩევნებში მონაწილეობას ზაურ დარგალი მიიღებს; ახმედ იმამკულიევი „ევროპული საქართველოს“ კანდიდატია, ალი ბადიროვი კი დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]