weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დაგვყვებიან გადაცმული პოლიციელები და პროვოკაციაზე მოდიან – რულოვსი

16:20 პარასკევი, 12 აპრილი 2019

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი პოლიციის მიერ დაკავებული აქტივისტის, მანუჩარ ჩხეტიას დაუყოვნებლივ, ყოველგვარი სანქციის გარეშე გათავისუფლებას ითხოვს.

როგორც სანდრა რულოვსმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ზუგდიდში საარჩევნო კამპანიის მშვიდობიანად წარმართვაში ხელისუფლება ხელს უშლის. მისივე თქმით, გადაცმული პოლიციელები მანქანით დასდევენ და მოსახლეობასთან შეხვედრების დროს პროვოკაციებს აწყობენ.

„გუშინ საღამოს, როდესაც ჩვენები მიადგნენ მათ მანქანას და ჰკითხეს ვინ იყვნენ, აღმოჩნდა, რომ გადაცმული პოლიციელები იყვნენ. სამართალდამცველებისგან დახმარება მოვითხოვეთ. ისინი მოვიდნენ და იმის მაგივრად, რომ დაეკავებინათ ის ორი ადამიანი, რომლებიც უკანონო ქმედებაში იყვნენ შემჩნეულები, დააკავეს ჩვენი სამი ადამიანი“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

მისივე თქმით, იმის ნაცვლად, რომ სამართალდამცველები კრიმინალის დაძლევაში იყვნენ ჩართულები, ისინი პოლიტიკურ ოპონენტს დასდევენ.

„ვერავინ შემაჩერებს. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს კამპანიას, რომელიც არის დაგეგმილი. მათ ძალიან გაუჭირდებათ პროვოკაციის მოწყობა, რადგან ხალხი უკვე ძალიან განერვიულებულია ასეთ მიდგომაზე - დაშინებაზე, ტერორზე, მერე მოსყიდვაც იქნება, ზეწოლაც არის და არის. მოსალოდნელია ძალადობა.

ვთხოვ ყველას, არა მხოლოდ მთავრობას, არამედ საერთაშორისო პარტნიორებს და დამკვირვებლებს, ვინც უკვე იწყებენ მონიტორინგს, რომ ამ პროცესს ძალიან კარგად გადახედონ, იმიტომ, რომ ასე მუშაობა შეუძლებელია. ეს არის ყველანაირი კანონის დარღვევა. ამაზე რეაგირებას ვითხოვთ სასწრაფოდ“, – განაცხადა რულოვსმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი და ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ანა წითლიძე, პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია და აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია გუშინ, სოფელ ნარაზენში დააკავეს, სადაც სანდრა რულოვსი შეხვედრას მართავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლები ნარაზენთან სამსახურეობრივ შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მათ ავტომობილით გადაადგილების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შსს-ს მტკიცებით, სამართალდამრღვევი პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

სამმართველოს შენობა წუხელვე დატოვეს ანა წითლიძემ და გიორგი პატარაიამ, თუმცა წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება მანუჩარ ჩხეტია. მას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]