weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2022

სერიალების გადაღება შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდეს – ქანთარია

17:53 სამშაბათი, 16 აპრილი 2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია გამოეხმაურა კინოინდუსტრიის აღორძინების თაობაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას. როგორც ქანთარიამ პარლამენტში განაცხადა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ისტორიისა და კლასიკური ლიტერატურის გარდაქმნა კინოფილმებად და სერიალებად. მისივე თქმით, ეს საქმე სახელმწიფო დონეზე უნდა გაკეთდეს.

„აუცილებელია აღვადგინოთ ემოციური კავშირი ჩვენს წარსულთან. ჩვენ თუ ამას ვერ აღვადგენთ, გაგვიჭირდება წინ ყურება. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის სწორედ ის, რომ ჩვენი წარსული, ისტორია, კლასიკური ლიტერატურა გარდაიქმნას კინოფილმებად და სერიალებად.

სერიალი დღეს უკვე აღარ არის მხოლოდ საპნის ოპერა, არამედ ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს, როდესაც კლასიკური ლიტერატურიდან თუ წარსულიდან ხედავთ მის საუკეთესო ნიმუშებს. BBC-ის თითქმის კი არა, შექსპირის ქრონიკები აქვს უკვე გადაღებული. მაგრამ როდესაც ამას ვამბობდი, ყოველთვის იყო ერთი ძალიან მოკლე პასუხი: ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს, ამის ფული არ გაგვაჩნია“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

დეპუტატის აზრით, ბიძინა ივანიშვილის მზადყოფნას, „შეეწიოს ამ საქმეს“, არაჯანსაღი კრიტიკა მოჰყვა, მისი თქმით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში ჩამოსხმული პროდიუსერების მხრიდან.

„თქვეს, რომ ეს არის ძალიან ცუდი რამეო, ეს არის საშინელებაო, თუ ეს კაცი ახლა შეეწევა ამ საქმესო, იმიტომ, რომ ეს დალაგებულ ბაზარს აგვირევსო. უფრო სწორი იქნებოდა ეთქვათ, რომ ამ კაცისგან მწარეა პურიც, ფულიც, არ გვინდა არაფრის გაკეთება, იმიტომ რომ ჩვენ ვართ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, წევრები და რაც უარესია, ჩვენთვის უკეთესია და რაც გაიზრდება უკმაყოფილება, უფრო კარგია... რა ბაზარი აირევა, სად არის ბაზარი, საერთოდ არ არის ამის ბაზარი.

ვფიქრობ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს ყველა მიმართულებით, არა მხოლოდ სულიერების მიმართულებით, თუკი პროცესი ნორმალურად წავა, წავა სახელმწიფოებრივ დონეზე და იქნება გარკვეული სწორედ შეკვეთები სამინისტროების მხრიდან – განათლების სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო... საკანონმდებლო დონეზე თუ ავა, ეს საქმე უმნიშვნელოვანესი იქნება. ახლა ჩვენ ვიზეიმეთ დამოუკიდებელი საქართველოს აღდგენის 100 წლისთავი და წარმოიდგინეთ, რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა პარლამენტიდან შეკვეთილი 4-სერიანი ფილმი მაინც რომ ყოფილიყო – 18-19-20-21 წლების ქრონიკა“, – აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

მისივე თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი საქმე და „ზოგიერთებს შეუძლიათ იმარჩიელონ, რისთვის დაჭირდა ბიძინა ივანიშვილს ეს საქმე – არჩევნებისთვის სჭირდება, ქვეყნის სიყვარულის გამო თუ კინონოსტალგია მოეძალა“.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილს, ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მის მიერ დაფუძნებულ ფონდ „ქართუს“ გადაწყვეტილი აქვს ქართული კინოწარმოება დააფინანსოს. ივანიშვილის აზრით, საქართველოში უნდა დაიწყოს ქართული ფილმების, სერიალების, მათ შორის, ისტორიული სერიალების გადაღება.

ამავე ინტერვიუში ივანიშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ტელეეთერებიდან ბილწსიტყვაობა და დედის გინება ისმის. მისივე თქმით, გადის მდარე სერიალები და გადაცემები, რის გამოც „ეროვნულ უსაფრთხოებაზეც კი შეიძლება განგაში ავტეხოთ“.

„ის, რაც ხდება, თუ კიდევ დიდხანს გაგრძელდა, ჩვენ შეიძლება, გამოთაყვანებული საზოგადოება მივიღოთ“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]com