სხდომაზე, სადაც მოსამართლეთა არჩევის წესის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მეორე მოსმენით უნდა განიხილონ, ეკა ბესელიამ ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, როდის აპირებენ, ამავე საკითხთან დაკავშირებით 13 დეპუტატის კანონპროექტზე ბიუროს სხდომის ჩატარებას.
„ყურადღებით ირაკლი, შენ მოგმართავ. ხომ ხედავ, სადაც ვზივარ. თუ ვერ მხედავ, შემიძლია ახლოს მოვიდე ცოტა“, - მიმართა კობახიძეს ბესელიამ.
პარლამენტის თავმჯდომარემ მას მიკროფონი გამოურთო და განმარტა: „პარლამენტის თავმჯდომარეს ჯერ თქვენობით უნდა მიმართოთ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მოგმართავთ თითოეულ თქვენგანს. შემდეგზე, როცა ამ შეცდომას გამოასწორებთ, მერე მოგცემთ ხოლმე სიტყვას“.
მიკროფონის გამორთვის მერე ეკა ბესელია ირაკლი კობახიძესთან მივიდა. მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ მანდატურის სამსახურს სთხოვა დეპუტატისთვის ეთიკის დაცვისკენ მოეწოდებინა, ბესელიამ კობახიძეს უთხრა: „ხომ არ შეგეშინდა? სანამ აქედან ჩამომიყვანიხარ, წესიერად მოიქეცი“.