აქცია-მსვლელობას უზენაესი სასამართლოდან პარლამენტის მიმართულებით „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები მართავენ. მსვლელობის დაწყებამდე ზაზა დავითაიამ „ბლოკის ერთ-ერთ ლიდერს და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, შალვა შავგულიძეს ძველ საქმეებთან დაკავშირებით განმარტება მოსთხოვა, რასაც მასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
„ჩემი სამართლიანობა არ აღდგა დღემდე, მაგრამ შალვა შავგულიძე ჩემს უფლებებს იცავდა როგორც ადვოკატი და ახლა ჩემი დამსჯელების და ჩემი დამპატიმრებლების გვერდით დგას“, – ამბობდა დაკავების დროს დავითაია.
აქცია-მსვლელობის მონაწილეები აპროტესტებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს. შალვა შავგულიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ან უნდა გაიწვიოს ან ფორმალურად უნდა ჩააგდოს, რადგან ის „სამართლიანობისთვის დამაზიანებელი და სამართლის უზენაესობისთვის მავნებლური კანონპროექტია“.