ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გამოაქვეყნა პარლამენტის პლენარული სხდომის ვიდეოჩანაწერი, სადაც, ტელეკომპანიის ცნობით, ირაკლი კობახიძის ხმა გაიპარა. ჩანაწერის თანახმად, ოპოზიციის ხმაურის ფონზე, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს შესვენების გამოცხადებას სთხოვს, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მისამართით უხამს სიტყვას იყენებს და ოხანაშვილს მიმართავს: „ყ..ზე დაიკიდე, ჩვეულებრივად გააგრძელე და ამათ მივხედოთ მერე“.
„არის ტყუილი ინფორმაცია გავრცელებული, მსგავსი რამ მე არ მითქვამს. არის აბსოლუტური ტყუილი. ჩემი კოლეგები დამემოწმებიან, რომ ეგ სიტყვა ცხოვრებაში არ მიხმარია, განსხვავებით ამ ტელევიზიის დირექტორისგან. ეს არის ტყუილი და ასეთ ტყუილებს ნუ ავრცელებთ თქვენს პლენარულ სხდომებზე, ეს არის ჩემი თხოვნა. ეს არის ტყუილი, რაც გავრცელდა. ეს არის ნიკა გვარამიას ხელწერა, ამ ტელევიზიის დირექტორის ხელწერა. ნიკა გვარამია „ჩემი შენ გითხარის“ პრინციპით მოქმედებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძის არაკორექტული რეპლიკა დარბაზშიც გაიგეს.