weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას ტოვებს

22:37 პარასკევი, 19 აპრილი 2019

ლაშა ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს და პატრიარქის ფონდში სამუშაოდ ბრუნდება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

„ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა საიდან ვემსახურები ჩემს ქვეყანას, მაგრამ სჯობს იქედან, სადაც საკუთარი თავი ჯერ არ ამომიწურავს.

მარტში მივმართე ჩემს რჩეულ პრეზიდენტს და მთავარსარდალს - მისი შეხედულებისამებრ, მისთვის ხელსაყრელ დროს გამათავისუფლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან. პრეზიდენტისთვის ხელსაყრელი დრო 1 მაისია.

ჩემს მეგობრებს კარგად გახსოვთ, რომ პრეზიდენტმა მიმართა კათოლიკოს-პატრიარქს, რომ მე გადავსულიყავი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ამ წერილს დავურთე ჩემი „განცხადებისმაგიერი“ ღია მიმართვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი. მისმა უწმიდესობამ დააკმაყოფილა პრეზიდენტის მიმართვა - გადავსულიყავი ადმინისტრაციაში, მაგრამ არ დააკმაყოფილა ჩემი განცხადება პატრიარქის ფონდიდან გათავისუფლების შესახებ.

ახლა, პირველი მაისიდან მე ვტოვებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ვაგრძელებ მუშაობას ჩემს ტკბილ და ბრძენ პატრიარქთან“, – წერს ლაშა ჟვანია.

როგორც ლაშა წერს, ის მადლობელია სალომე ზურაბიშვილის ნდობისთვის და როგორც ადრე, არც მომავალში არ დაიშურებს სიყვარულით სავსე მართალ სიტყვას და თავდადებას პრეზიდენტის მიმართ.

„რთული პერიოდი გავიარე ქვეყნის მეთაურთან ერთად; ახალი კონსტიტუციით განსაზღვრული პრეზიდენტის უფლებამოსილებებისა და საქმიანობის კალაპოტში ჩასმა, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებთან და მთლიანად, საზოგადოებასთან ურთიერთობების საფუძველის მოწყობა. ყველაზე მტკივნეული ჩემთვის რეორგანიზაცია და კადრების შემცირება იყო. ახლაც ვფიქრობ ზოგიერთ ძვირფას მოხელეზე, რომლებიც ადმინისტრაციამ დაკარგა... პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტები და უმაღლესი დონის შეხვედრები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის რეალური დამცავი ფარია, ჩემთვის ჩვეული და სასიამოვნო გამოწვევა იყო. ყველა ვიზიტის დროს სახელმწიფო მეთაური აჟღერებდა იმ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტისთვის სისხლნარევი ცრემლით ლოცულობს ჩვენი ქვეყნის მუხლჩაუხრელი სულიერი მამა“, – წერს ჟვანია.

ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად 2018 წლის ნოემბერში დაინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]