weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნათია თურნავამ 2012 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ 35 000 ლარი შესწირა

17:11 შაბათი, 20 აპრილი 2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალმა მინისტრმა, ნათია თურნავამ 2012 წლის აგვისტოში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 35 ათასი ლარი შესწირა. ეს თურნავას ერთადერთი პოლიტიკური შემოწირულობაა.

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრად 18 აპრილს დაინიშნა. მანამდე, ცხრა თვის განმავლობაში, ეს თანამდებობა გიორგი ქობულიას ეკავა, თურნავა კი მისი მოადგილე იყო ენერგეტიკის მიმართულებით.

ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ნათია თურნავა 2013 წლის აგვისტოდან 2018 წლის სექტემბრამდე სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო. 2006–2013 წლებში ის შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს წევრის, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალური დირექტორის და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობებს იკავებდა.

2005 წლის სექტემბრიდან 2006 წლის ნოემბრამდე ნათია თურნავა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე იყო. 2005 წლის მაისიდან სექტემბრამდე საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა, 2000 წლიდან 2005 წლის მაისამდე კი ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე იყო.

1998–2000 წლებში თურნავა თბილისის საკრებულოს წევრი იყო და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 1997–2000 წლებში მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში თანმიმდევრულად სახელმწიფო მრჩევლად, ეკონომიკური სამსახურის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოადგილედ, ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილედ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებლად; 1994–1996 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტში, წამყვან მეცნიერ თანამშრომლად, აგრეთვე კითხულობდა ლექციებს ეკონომიკის სხვადასხვა დისციპლინაში თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში.

რაც შეეხება განათლებას, 2005 და 2006 წლებში ნათია თურნავამ გაიარა სწავლების სხვადასხვა კურსი ჰარვარდის უნივერსიტეტის და კენედის სახელობის სამთავრობო სკოლის ეგიდით; 2012–2014 წლებში გაერთიანებული სამეფოს კუმბრიის საგრაფოს უნივერსიტეტში დაასრულა ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა წარჩინებით და მიენიჭა ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო ხარისხი. არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის, სტატიის და მონოგრაფიის ავტორი, ორი წიგნის თანაავტორი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]