სესიაშვილის განცხადებით, არცერთ პოლიციელს არ აქვს სურვილი, რომ ძალა გამოიყენოს.
„მაგრამ რაც ჩვენ ვნახეთ, პროტესტის ეს ფორმა არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩემთვის ასევე აბსოლუტურად მიუღებელია ის შეფასებები, რომლებიც, პოლიტიკური მოტივებით, ხელისუფლებას ადანაშაულებენ მაშინ, როდესაც პოლიციელისთვის ნასროლი ქვა, ეს არის სახელმწიფოსთვის ნასროლი ქვა. სამწუხაროდ, მოვისმინე ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებიც, ამიტომ, ეს ჩემთვის კომპლექსური საკითხია“, – აღნიშნა სესიაშვილმა.
პანკისის ხეობაში ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება რიგით მესამე ჰესის – „ხადორი 3“-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეტაკების შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.