„მითუმეტეს, ეს მიუღებელია სახელმწიფოში, რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები და რომლისთვისაც საზღვრების დაცულობა და სტაბილურობა არის სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანა. მისასალმებელია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა ხეობაში ვითარების დამშვიდება.
რაც შეეხება შექმნილი დაძაბულობის ერთ-ერთ მიზეზს – ჰესის მშენებლობას, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური წინსვლა, მაგრამ, ამავე დროს, აუცილებელია ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილებას ამყარებდეს სრული გეოლოგიური კვლევა, საფრთხეების კომპლექსური შეფასება და საზოგადოების ჩართულობა.
ვიმედოვნებ, რომ მომავალში სწორედ ამ კრიტერიუმებით ვიმოქმედებთ და ასე განვახორციელებთ სახელმწიფოს გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
გუშინ, 21 აპრილს, დაპირისპირება პანკისის მცხოვრებლებსა და სამართალდამცველებს შორის მდინარე ალაზანზე „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობის განახლების გამო მოხდა. შეტაკებების შემდეგ სამედიცინო დახმარების გაწევა სულ 55 ადამიანს დასჭირდა, მათ შორის 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს. მათი ნაწილი თელავის ორ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. ამ დროისთვის თელავის სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობას არავინ აგრძელებს.
შსს-მ ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
პანკისში რიგით მესამე ჰესის აშენება კომპანია „ალაზანი ენერჯის“ სურს და სამუშაოების დასრულებას 2019 წლის ბოლომდე გეგმავს. მოსახლეობამ სამშენებლო სამუშაოები პირველად გასული წლის ივნისში შეაჩერა.