weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პოლიციელებზე თავდასხმა არ შეიძლება გამართლებული იყოს – ჩუგოშვილი პანკისზე

11:55 სამშაბათი, 23 აპრილი 2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმის, მათი ქონების განადგურებისა და ჯანმრთელობის დაზიანების რაიმე არგუმენტით გამართლება არ შეიძლება.

„ძალიან სამწუხარო იყო ის ესკალაცია, რომელიც ვნახეთ. ამ საკითხს რამდენიმე მხარე აქვს, ერთი რაც არის სრულიად ნათელი არის ის, რომ პოლიციელებზე თავდასხმა არის დაუშვებელი და არავისთვის, არცერთი არგუმენტით არ შეიძლება ეს გამართლებული იყოს. რაც შეეხება ჰესებს, მათი მშენებლობის საჭიროების შესახებ და რაც მთავარია იმის შესახებ, რომ მოსახლეობას ზიანი კი არა სარგებელი შეუძლიათ მოუტანონ, ამაზე მეტი კომუნიკაციაა ალბათ, საჭირო. ვინაიდან შეთანხმდნენ მხარეები, რომ ჰესების მშენებლობა გაგრძელდება მას შემდგომ, რაც ხეობის უდიდეს ნაწილს ექნება მხარდამჭერი პოზიცია, ვფიქრობ, განიმუხტება სიტუაცია და უკვე ასეც არის. რაც ჩვენ ვნახეთ, პოლიციელებზე თავდასხმა, მათი ქონების განადგურება, ჯანმრთელობის დაზიანება, ყოვლად დაუშვებელია და ამას არც ერთი არგუმენტით გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება პოლიციის მხრიდან ძალის გადამატებაზე ოპოზიციის ბრალდებებს, ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ძალის გადამატებას ადგილი არ ჰქონია.

„ფიზიკურად იქ ყოფნა ძალის გადამეტება არ არის და მეორე, არცერთ შემთხვევაში ასეთი ტიპის შეტაკებების მოწყობა გამართლებული არ არის. ძალის გამოყენებაზე ექსკლუზივი აქვს სახელმწიფოს“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

21 აპრილს, პანკისის ხეობაში ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება რიგით მესამე 5.4 მგვტ სიმძლავრის ჰესის – „ხადორი 3“-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას მოჰყვა. შეტაკებისას დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი, აქციის მონაწილეებმა დაამტვრიეს და დაწვეს შსს-ს მანქანები და სპეციალური ტექნიკა.

პანკისში გამართული შეხვედრის შემდეგ, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „ხადორი 3“ მხოლოდ იმ შემთხვევაში აშენდება, თუ ამის მომხრე იქნება მოსახლეობის 90%. მისივე თქმით, ყველა, ვინც შსს-ს თანამშრომლებზე ფიზიკურად იძალადა, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]