„თუ პარლამენტისა და კომიტეტის კედლები აშინებს, ვთავაზობ, რომ ჩემი ხელით მოვუდუღებ ყავას და მობრძანდეს, ოღონდ კითხვებს ვერ გაექცევა. ყავა თუ სჭირდება პასუხებისთვის, ამ კომფორტს ნამდვილად არ მოვაკლებ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
დეპუტატის თქმით, პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული კითხვები აქვთ, რაზეც გახარიას სერიოზული პასუხების გაცემა მოუწევს.
„მთავარი კითხვა არის ის, რომ აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზით, მინისტრები ამოეფარნენ სპეცრაზმელებს. ჩვენ ვუყურეთ ძალიან სახიფათო კადრებს - სპეცრაზმელების მიერ რეზინის ტყვიების სროლა, შეტაკება, ქვების სროლა სპეცრაზმელების მიმართ. აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ, რისთვის, ჩვენი ხელით რატომ ვაფეთქებთ ესეთ საშიშ სიტუაციას. მას შემდეგ ამ კითხვებზე სერიოზული პასუხი არ მოგვისმენია. პერიოდულად რაღაცას იბრიქებიან, რაღაცას იძახიან, მაგრამ ესე ვერ გამოძვრება ვერც სამინისტრო და ვერც მთავრობა მთლიანად, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა მათი საჯიჯგნი და საპროვოკაციო ნამდვილად არ არის“, – აღნიშნა ხოშტარიამ.
გუშინ „ევროპულმა საქართველომ“ შს მინისტრი გიორგი გახარია და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა პანკისში ჰესის მშენებლობისა და ხეობაში 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში დაიბარა.
ამასთან, ცნობილია, რომ გიორგი გახარიას საკანონმდებლო ორგანოში 3 მაისს, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ. გახარიამ თქვა, რომ თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს დამატებით სურს მისი ნახვა, შეუძლიათ ყავაზე დაპატიჟონ.