„სიტუაცია არის საყურადღებო იმიტომ, რომ სახეზეა ევროკავშირის სივრცეში ჩვენგან უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მატება; ასევე გაიზარდა საზღვრიდან მობრუნებულთა რიცხვი. ეს ყველაფერი არის ოფიციალური საფუძველი იმის, რომ ევროკავშირის წევრმა რომელიმე ქვეყანამ, შეიძლება დააყენოს დღის წესრიგში უვიზო რეჟიმის შეჩერება“, – ამბობს თამარ ხულორდავა.
ამ საკითხზე განცხადება პირველად იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გუშინ გააკეთა. მისი თქმით, უვიზო რეჟიმს ბოლო დროს „განსაკუთრებული სიძნელეები შეექმნა“.
„ჩვენი პარტნიორები ევროპიდან საუბრობენ უკვე იმაზე, რომ ჩვენი ზოგიერთი მოქალაქე ბოროტად იყენებს უვიზო მიმოსვლის მექანიზმს და გარკვეული ცვლილებები იქნება საჭირო, რათა უვიზო რეჟიმით ისარგებლონ მათ, ვინც კეთილსინდისიერად მიემგზავრება შენგენის სივრცეში და ვინც შემდგომ ბრუნდება“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა.
საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა.