weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არ მგონია, საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდებული იყოს – ზურაბიშვილი

11:11 ოთხშაბათი, 01 მაისი 2019

არ მგონია, ეს რეკომენდირებული იყოს, – ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ამერიკული ბაზის აშენებასთან დაკავშირებით „ამერიკის ხმის“ მიერ დასმულ კითხვას.

„ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ.

არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყოს, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან.

ჩვენს შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე, უნდა გავაღრმაოთ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა და არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა სხვების რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კითხვაზე – საქართველოს სჭრდება თუ არა ამერიკის სპეციალური წარმომადგენლის დანიშნვა ვაშინგტონში, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც შეიძლება განხილული იყოს, რადგან უკრაინის შემთხვევაში არის ასეთი წარმომადგენელი.

„ყველა მხრივ ჩვენი ინტერესი და მიმართულება უნდა იყოს ის, რომ არ შეიძლება უკრაინის გამო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების და აქაური კონფლიქტიკს საკითხმა გადაიწიოს მეორე ადგილზე. ამიტომ ვსაუბრობ ამდენს ჟენევაზე. ამის ტენდენცია არსებობდა და შვენ უნდა ვაგრძნობინოთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს და სხვებსაც, რომ უკრაინა არის ძალიან სერიოზული საკითხი, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა საკითხმა გადაიწიოს უკანა პლანზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე – არის თუ არა შეერთებული შტატები საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი“, ზურაბიშვილმა აღნიშნა: „აბა სხვა ვინ?“.

საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავების საკითხზე:

„ამას უკვე ვხედავთ შავ ზღვაში ამერიკის საზღვაო ძალების გემების რაოდენობის გაზრდით. მიმაჩნია, რომ შავი ზღვა ამერიკის სტრატეგიულ ხედვაში უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ შავი ზღვის აქეთა სანაპიროზე ვართ, მეორე მხარეს, რა თქმა უნდა, ნატოს პარტნიორები რუმინეთი და ბულგარეთი არიან.

ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ შავი ზღვა ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უფრო მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი გახდეს. სტრატეგიული პარტნიორობის გასაღრმავებლად ეს ერთ-ერთი გზაა. და რა თქმა უნდა, პირდაპირი სამხედრო ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან იმისთვის, რომ მეტად მოვემზადოთ თავდაცვის სფეროში. ვფიქრობ, საქართველო საკმაოდ ბევრს აკეთებს და ის აღიარებული სანდო პარტნიორია.

ვფიქრობ, უნდა გავზარდოთ სამხედრო თანამშრომლობა, რადგან ეს საკმარისი არასდროს არაა. იმის გამო, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები მეტის საკეთებლად ყოველთვის მზად არიან, ვფიქრობ ჩვენ მეტის მიღება შეგვიძლია დამატებით პირდაპირი თანამშრომლობით და არა მხოლოდ ნატო-სთან. მეტად უნდა ვითანამშრომლოთ ნატო-სთან კიბერუსაფრთხოების სფეროში, ან ეს შესაძლოა ორმხრივი თანამშრომლობაც იყოს გამომდინარე იქიდან, თუ როგორ რთულ რეგიონში მდებარეობს საქართველო. ამ პრობლემისთვის თავის გართმევა ეროვნულ დონეზე რთული ამოცანაა. ჩვენ ბევრი ახალი ფორმის თანამშრომლობის დაწყება გვჭირდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე – როგორ ხედავს რუსეთთან ურთიერთობას და აპირებთ თუ არა რუსეთთან დიალოგს, რა პოზიცია აქვთ რუსეთის მიმართ, პრეზიდენტმა უპასუხა:

„თეორიულად, როცა საქართველოს მსგავსი ქვეყანა აცხადებს, რომ არანაირ ძალას არ გამოიყენებს, სამხედრო ძალას არ გამოიყენებს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის გადასაჭრელად, ცხადია, რომ ერთადერთი ინსტრუმენტი გრჩება და ეს დიპლომატიაა. ამ ეტაპზე სხვა ინსტრუმენტი არ არსებობს.

ჩვენ რუსეთთან არ გვაქვს და ვერ გვექნება დიპლომატიური ურთიერთობა, სანამ რუსეთი არ გვაჩვენებს, რომ მზადაა ჩვენთან ძალისმიერი მეთოდის გარდა სხვა ფორმით იურთიერთოს.

ამ ეტაპზე, ჩვენ მთლიანად ვეყრდნობით ჩვენს პარტნიორებს, რომ ისინი იყვნენ ჩვენი ჩემპიონები და რუსეთთან ორმხრივი შეხვედრების დროს შეახსენონ, სთხოვონ, მოსთხოვონ რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების პატივისცემა. ამიტომაც ვსაუბრობ ჟენევის ფორმატზე და ამას ვაკეთებთ ორმხრივ შეხვედრებზე ჩვენს პარტნიორებთან.

რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სიტუაცია დღეს არ შეიცვლება, მაგრამ ერთ დღეს ამან შედეგი შეიძლება გამოიღოს. ასე რომ, ჩვენ არც რუსეთს და არც ჩვენს პარტნიორებს საშუალება არ უნდა მივცეთ დაივიწყონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა.

მნიშვნელოვანი ისაა და ამას მინდა ხაზი გავუსვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოკუპაციას აგრძელებს, გრძელდება უწყვეტი ზეწოლა, ადამიანების გატაცებები, ჰუმანიტარული ზეწოლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს, ეს სიტუაცია რუსეთისთვის გამარჯვება მაინც არ არის. ეს იმიტომ, რომ საქართველო აგრძელებს ევორკავშირისა და ნატოსკენ სვლას. ვფიქრობ, რუსეთის საბოლოო მიზანი სწორედ ეს იყო, რომ გავლენა მოეხდინა საქართველოს დასავლეთისადმი სწრაფვაზე. ამ შემთხვევაში გამარჯვება საქართველოსია არა რუსეთის. რუსეთს არ აქვს საქართველოზე ვეტო და არც არასოდეს ექნება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]