ნუკრი ქანთარიამ შს მინისტრს შეკითხვა დაუსვა 21 აპრილს, პანკისის ხეობაში მოსახლეობასა და პოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. დეპუტატმა მადლობა გადაუხადა გიორგი გახარიას და თითოეულ პოლიციელს, ვინც კეთილსინდისიერად ასრულებს თავის საქმეს.
„ასეთ დროს სრულიად არ მიკვირს, ბუნებრივია, რომ გარკვეული ოპოზიციური ფლანგიდან თქვენს გადადგომას ითხოვენ. ეს აბსოლუტურად ადვილი გასაგებია - მათი აზრით, ხელსაყრელია, თუნდაც მოვიდეს ისეთი ადამიანი, ვინც კრიზისს კი არ ჩააცხრობს, არამედ პირიქით, მღელვარებას გაზს მიცემს.
კითხვასთან დაკავშირებით – ჩვენ რამდენად გვაქვს ტრადიცია იმის, რომ შენდებოდეს ნაგებობა და მას გაძლიერებული პოლიციის კორდონი იცავდეს? ვფიქრობ, რომ არ გვაქვს.
იცოდით თუ არა თქვენ, რომ პანკისში ჰესის დაწყების დროს, 35 თუ 40-მდე პოლიციელი გაიგზავნა და ვისგან უნდა ყოფილიყო დაცვა? ბუნებრივია, არა დათვებისა და მგლებისგან, არამედ, ხალხისგან. თუ ეს ინფორმაცია იყო, რატომ იყო გულუბრყვილოდ, რომ ისინი მოერიდებოდნენ პოლიციელებს? შეიძლება, იმ დღეს მოერიდებოდნენ, მეორე დღეს კი - არა.
იმ სურათის თანახმად, რაც ვნახეთ, არამგონია, ეს მხოლოდ ამ ჰესზე დაგროვილი უარყოფითი ენერგია ყოფილიყო. ვფიქრობ, ეს იყო ძალიან დიდი ხნის დაგროვილი უამრავი და მგრძნობიარე პრობლემების გამო უარყოფითი მუხტი. კითხვა ეს არის: თუ იცოდით ამ უარყოფით მუხტის შესახებ, რატომ გადაიდგა ეს ნაბიჯი და არა სხვა ნაბიჯი?“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
21 აპრილს, პანკისის ხეობაში, ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება კომპანია „ალაზანი ენერჯის“ მიერ, პოლიციის თანხლებით, „ხადორი 3 ჰესის“ მშენებლობის განახლებას მოჰყვა. ადგილობრივებმა ხეობაში მობილიზებულ სპეცრაზმს ქვები დაუშინეს, სპეცრაზმმა კი რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეტაკების შედეგად, დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე.
გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა, ვინც 21 აპრილს შსს-ს თანამშრომლებზე ფიზიკურად იძალადა, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს. მისმა უწყებამ ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ამ დროისთვის არავინ არის დაკავებული.