weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

პანკისში სპეცრაზმი საერთოდ არ ყოფილა – შს მინისტრი

17:21 ხუთშაბათი, 02 მაისი 2019
ფოტო © პანკისის სათემო რადიო ფოტო © პანკისის სათემო რადიო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში სპეცდანიშნულების რაზმი არ ყოფილა შეყვანილი. მისი თქმით, ადგილობრივების აგრესიის შემდეგ გამოძახებული იქნა არა სპეცრაზმი, არამედ დამატებითი ძალები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან.

„იქ სპეცრაზმი საერთოდ არ ყოფილა და არ ყოფილა სპეცოპერაცია. როგორ მოხდა - ეს მოხდა მარტივად: დილით, დაახლოებით რვის ნახევარზე, კახეთის სამხარეო პოლიცის 35 პოლიციელი შევიდა იმ ლოკაციაზე. ამის კადრებიც არსებობს. როდესაც იყო გამოვლენილი აგრესია ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, ჩაერთო და გამოძახებული იქნა დამატებითი ძალები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის. ეს არ არის სპეცრაზმი. ეს არის ჩვეულებრივი საპოლიციო ძალები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლის დროს.

მისივე თქმით, პოლიციის და საპოლიციო ძალების ფუნქცია მართლწესრიგის და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა იყო.

„იქ პოლიციის შესვლის მიზანი გახლდათ ის, რომ არ მომხდარიყო ფიზიკური დაპირისპირება ჩვენს სხვადასხვა მოქალაქეებს შორის და პოლიციამ ღირსეულად შესრულა თავის ფუნქცია და ეს დარტყმა, აგრესია მიიღო საკუთარ თავზე, რაც მისი მოვალეობაა.

სწორედ ამიტომ იყო, რომ აღჭურვილობიდან დაწყებული, ქცევით და დაგეგმილი ღონისძიების ნაწილში ეს იყო დაცვითი ღონისძიება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იყო ღონისძიება, რომლის ძირითადი მიზანი გახლდათ მოქალაქეების უსაფრთხოების და მართლწესირიგის დაცვა კონკრეტულ ლოკაციაზე კონკრეტულ მომენტში, რაც პოლიციელებმა ღირსეულად შეასრულეს, რისთვისაც მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მინისტრის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს,სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად კოორდინაციაში მართლწესრიგის დაცვის ვალდებულება ეკისრება და არა სადმე სპეცრაზმით შევარდნის.

„სამინისტროს საერთოდ არ აინტერესებს ჰესზეა საუბარი, თუ გზის მშენებლობაზე და ამ ჰესსა და გზას სახელმწიფო აშენებს თუ ვინმე სხვა“, – აღნიშნა გახარიამ.

21 აპრილს პანკისის ხეობაში, ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება კომპანია „ალაზანი ენერჯის“ მიერ, პოლიციის თანხლებით, „ხადორი 3 ჰესის“ მშენებლობის განახლებას მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეტაკების შედეგად, დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე.

გიორგი გახარიამ იმ დღესვე განაცხადა, რომ ყველა, ვინც შსს-ს თანამშრომლებზე ფიზიკურად იძალადა, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს. მისმა უწყებამ ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ამ დროისთვის არავინ არის დაკავებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]