გახარიამ დეპუტატებს მიმართა, რომ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, შეუძლიათ ეს პროცესი გააკონტროლონ.
„ოღონდ ისე კი არა, რომ ამ ტრიბუნიდან ჩიხში შეგვიყვანოთ და გვითხრათ – რას უზამთ ეხლა 100 ადამიანს, დაიჭერთ თუ არ დაიჭერთ. მოვიქცევით ზუსტად ისე, როგორც ქვეყნის და ჩვვენი მოქალაქეების ინტერესებისთვის არის საჭირო...
დაგვაკვირდით და მშვენივრად ნახავთ როგორ გამოვალთ ამ ჩიხიდან – მშვიდად, წყნარად, გონივრული მიდგომით, იმ ხალხთან ერთად, ვინც მშვენივრად აცნობიერებს გადაცომის ფარგლები სად იყო და რა მოხდა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შს მინისტრის თქმით, მის უწყებას ჰქონდა სრული უფლება, 21 აპრილს პანკისის ხეობაში ყოფილიყო იმდენი ძალით, რამდენიც იქნებოდა საჭირო.
„ერთი ადამიანის (იმას არ ვამბობ, რომ არავის აინტერესებს და არავინ დაინტერესებულა გაერკვია თვითონ პანკისის ხეობის მოსახლეობაში რა სახის დაპირისპირება არსებობდა ან არ არსებობდა), ერთი მშენებლის ან თუნდაც ჟურნალისტის ჯანმრთელობა, კითხვის ნიშნის ქვეშ რომ ყოფილიყო, შსს ვალდებული იყო გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა“, – აღნიშნა გახარიამ.
მისივე თქმით, სახელმწიფოს ჰქონდა პოზიტიური ვალდებულება გაეკეთებინა პროგნოზი იმ სოციალური პროტესტის შესახებ, რაც პანკისში გამოვლინდა: „მაგრამ ვერ გააკეთა. სადღაც შეცდომა მოხდა და გავარკვევთ სად, როგორ მოხდა. როდესაც ამას ვაძლევთ პოლიტიკურ (არ მინდა კიდევ სხვა სიტყვები ვთქვა) განზომოლებებს ჩვენს მოქალაქეებთან მიმართებაში, ვთვლი, რომ არის შეცდომა“.