weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ეს იყო შეცდომა, ჩემს მიერაც არასრულად იყო დასკვნები გაკეთებული – გახარია პანკისზე

22:44 ხუთშაბათი, 02 მაისი 2019

ეს იყო შეცდომა და ეს შეცდომა არის გამოსასწორებელი, რასაც ახლა ვაკეთებთ, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ 21 აპრილს, პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

პარლამენტში გამოსვლისას გახარიამ აღნიშნა, რომ პანკისთან დაკავშირებით „არასრული ანალიტიკა იყო გაკეთებული“. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობა ეფექტური, პოზიტიური და ბოლო წლების განმავლობაში საუკეთესოა.

„აქ ვერავინ ვერ შეძლებს რაღაც ბზარების გაჩენას და ვერავინ ვერ მიაღწევს იმას, რომ ჩვენ რაღაც დაბრალება დავიწყოთ ერთმანეთზე. ჩვენ ყველას გვაქვს თავისი ფუნქციები, რომლებსაც ვასრულებთ. ერთი უწყების შეცდომას პირდაპირი ზემოქმედება აქვს მეორე უწყების ეფექტურ მუშაობაზე და პირიქით. ამიტომ, ისევე როგორც პანკისის ნაწილში, მე განვაცხადე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ როგორ ჩანს არასრული ანალიტიკა იყო გაკეთებული.

როგორც ჩანს, ჩვენს მიერაც, პირადად ჩემს მიერაც არასრულად იყო დასკვნები გაკეთებული იმ რისკების შეფასებისთვის, რაც შეიძლება იქ ყოფილიყო. ეს არის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა.

ისევე როგორც, ყველა შესაბამის უწყებას თავისი კომპეტენცია ჰქონდა და ყველა თავის კომპეტენციის ფარგლებში ფარავდა იმ ზონალურ რისკებს, რომლებიც გააჩნია. ამიტომ, ჩვენ დღეს არავინ არ გადავანაწილებთ ამ პასუხისმგებლობას ერთმანეთზე. ვამბობთ, რომ ეს იყო შეცდომა, არასაკმარისი ანალიტიკური მუშაობის შედეგად, ყველა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში და ეს შეცდომა არის გამოსასწორებელი, რასაც ახლა ვაკეთებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

21 აპრილს, პანკისის ხეობის სოფელ ძიბახევში კომპანია „ალაზანი ენერჯიმ“ სპეცრაზმის თანხლებით განაახლა „ხადორი 3 ჰესის“ მშენებლობა, რომელიც 2018 წლის ივნისიდან, მოსახლეობის პროტესტის შედეგად შეჩერებული იყო. ადგილობრივების საპროტესტო შეკრების შემდეგ, შს სამინისტრომ ხეობაში პოლიციის დამატებითი ძალები და საპოლიციო ტექნიკა შეიყვანა. მოსახლეობა ჰესის სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას ითხოვდა, სპეცრაზმი კი აქციის მონაწილეებს გადაადგილების და მშენებლობის ადგილამდე მისვლის უფლებას არ აძლევდა. სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება ორჯერ მოხდა. ადგილობრივებმა სპეცრაზმს ქვები დაუშინეს, სპეცრაზმმა კი რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 21 აპრილს მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე. სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ამ დროისთვის არავინ არის დაკავებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]