„ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება. თავის მხრივ აზერბაიჯანი ამისთვის მზად არის. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხი წყდება საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე, ასევე ურთიერთკოორდინაციის ფარგლებში ორმხრივ ფორმატში. ტარდება სახელმწიფო კომისიის სხდომები. ამ დროისთვის ჩატარებულია 11 ამგვარი სხდომა. საერთო ჯამში, სახელმწიფო საზღვრის 480 კილომეტრიდან 314 შეთანხმებულია სახელმწიფო კომისიის ფარგლებში, საზღვრის 166 კილომეტრს კი ექსპერტების დონეზე სწავლობენ“, – განაცხადა აბდულაევამ სააგენტო „ონასთან“ ინტერვიუში.
ამასთან აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელსაც ეყრდნობიან, არის 1938 წლის რუკა მასშტაბით 1:500000.
„ეს რუკა არის დოკუმენტი, რომელიც მიიღეს აზერბაიჯანის და საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკებმა. 1942 წელს საბჭოთა კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება უფრო მკაფიო რუკის შექმნის შესახებ მასშტაბით 1:100000. ამას გარდა, არსებობს რუკა, რომელიც 1963 წელს საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა. სამუშაო ჯგუფის დონეზე დელიმიტაციის საკითხის განხილვისას ამ რუკას ეყრდნობიან. ამ დრომდე ამასთან დაკავშირებით პორბლემები არ ყოფილა“, – განაცხადა აბდულაევამ.
სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის საერთო სიგრძე დაახლოებით 1839 კილომეტრია, საიდანაც აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან საზღვრის სიგრძე 446 კილომეტრს შეადგენს. ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვარი ამ დრომდე დადგენილი არ არის. წლების განმავლობაში დავით გარეჯის კომპლექსის ერთი ნაწილი საზღვრის დადგენის თაობაზე მოლაპარაკებების მთავარი საკითხი იყო.