„არის საკითხები, რომლებიც უნდა იყოს დახურული. ვთქვათ, მიმდინარე ოპერაციის დეტალები. მაგრამ არის საჯარო დისკუსიის საკითხები და აქ ის, რომ სხდომა იხურება და კითხვების დასმისასაც დახურული იქნება, არის დემონსტრირება პარლამენტისადმი დამოკიდებულების. დავაყენებთ საკითხს, რომ ამ ამ სხდომის ნაწილი იყოს საჯარო, სადაც პოლიტიკური დისკუსია იქნება და არა უსაფრთხოების საიდუმლო, დაფარული ფაქტების განხილვა“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.
„სამწუხაროდ, სხდომა დახურული იქნება, მაგრამ რაც ჩვენ პარლამენტის წევრები ვართ, ბოლო გამოსვლებმა გვანახა, რომ ისეთ კითხვებზე მაინც არ ხდება პასუხების გაცემა, რომლებიც ისეთ ინფორმაციას შეიცავს, რომელთა გასაჯაროება არ შეიძლება. ვფიქრობ, ღია უნდა იყოს ეს სხდომა“, – აღნიშნა „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა.
დეპუტატების განცხადებით, ვახტანგ გომელაურს კითხვას დაუსვამენ პანკისის ხეობაში 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიღუპა. ასევე, ძირითადი საკითხი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.
„გომელაურთან, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შეკითხვა გვაქვს. მათ შორის ის გამოწვევები, რომლებიც დღეს ჩვენს ქვეყანას ემუქრება რუსეთიდან. საკომიტეტო მოსმენაზე ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა დაგვრჩა ამ თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ასევე გვექნება შეკითხვები იმ სავარაუდოდ შიდა უწყებრივ დაპირისპირებაზე, რომელიც არსებობს ხელისუფლებაში და რომელიც რეალურად საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. პანკისის ხეობასთან დაკავშირებით გვაინტერესებს მოვისმინოთ განმარტებები. ასევე გვაინტერესებს პასუხები შეკითხვაზე, რაც უკავშირდება მაჩალიკაშვილის მკვლელობას ამავე კონტექსტში, რადგან ეს გამოუძიებელი მკვლელობაა მათ შორის ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც არსებობს პანკისის ხეობაში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ვახტანგ გომელაური საკანონმდებლო ორგანოში უკვე მივიდა.