როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს და ევროპის დაახლოების გზა საკმაოდ გრძელი და სიძნელეებით სავსე იყო. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ჯერ კიდევ მრავალი საუკუნის წინ, საქართველოს მეფეებმა და ელჩებმა დაიწყეს ევროპისკენ სვლა და ცდილობდნენ იქ მიეღოთ ის დახმარება, რომელიც იმდროინდელ, ქრისტიანობისთვის მებრძოლ საქართველოს სჭირდებოდა.
„15 წლის წინ, როცა საქართველოში საფრანგეთის ელჩად ჩამოვედი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე სწარაფად გავივლიდით ამ გზას. ეს არ არის მარტივი, მაგრამ 15 წელში სამეზობლო პროგრამიდან პარტნიორობაზე გადავედით, პარტნიორობიდან - ასოცირებაზე, ასოცირებამ მოგვიტანა ვიზალიბერალიზაცია და ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა. ეს დიდი მიღწევაა. ჩვენ ეს შევძელით, რადგან ჩვენი მოსახლეობა და ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სხვა ალტერნატივა და სხვა პერსპექტივა საქართველოს არ გააჩნია.
საქართველოს მოსახლეობა არ ცვლის თავის ევროპულ განწყობას და ადასტურებს, რომ მისი გზა ევროპული გზაა. ეს გზა ჯერ კიდევ გასავლელია, მაგრამ ჩვენი ყველაზე დიდი გამარჯვებაა, ის, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისა და მის მიერ დაწყებული ომის მიუხედავად, შევძელით არ შეგვეცვალა ევროპული გეზი და ალბათ, ჩრდილოელი მეზობლის მოტივაცია იყო საქართველოსათვის რამენაირად შეეცვლევინებინა მის მიერ არჩეული, ევროპული გზა. და ის, რომ მან ეს ვერ შეძლო და ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც ვიდექით, ეს ჩვენი გამარჯვება და მისი დამარცხებაა.
ამ გზაზე ჩვენ წინ მივდივართ! ევროპისა და ევროკავშირის ქვეყნების მთავარი მონაპოვარია, რომ ევროკავშირის შექმნის შემდეგ, ევროკავშირის ტერიტორიაზე ომი აღარ ყოფილა. ჩვენი მისწრაფებაა - მეტი უსაფრთხოება, მეტი განვითარება, მეტი ეკონომიკური წინსვლა, მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.