გვარამიას თქმით, შეტევის მიზანია კომპანიის გაკოტრება და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი ხელში ჩაგდება.
„ვფიქრობ, ეს არის კერძო დავა. ამ საკითხთან ბიძინა ივანიშვილის დაკავშირება, ჩემი აზრით, პოლიტიკური სპეკულაციაა“, – აღნიშნა კილაძემ.
ნიკა გვარამიამ 6 მაისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელმა ნინო ნიჟარაძემ სასამართლოში იჩივლა და სხვა მეწილეებისგან კომპენსაციის სახით დაახლოებით 26 მილიონ ლარს ითხოვს.
გვარამიას თქმით, სარჩელის მიზანია „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, კომპანიის გაკოტრება და მისი შეძენა ბიძინა ივანიშვილის მიერ. ნიკა გვარამიას აზრით, მთავარი სასარჩელო მოთხოვნა იქნება მისი, როგორც დირექტორის, უფლებამოსილების შეწყვეტა, რაც, გვარამიას სიტყვებით, ქართულმა სასამართლომ ივანიშვილის დავალებით ბევრჯერ სცადა.
ნიკა გვარამიას განცხადებით, „რუსთავი 2“ ქართულ სასამართლოს არ ენდობა. ის ნინო ნიჟარაძეს სთავაზობს სარჩელი ნებისმიერ საერთაშორისო არბიტრაჟში შეიტანოს.