კალაძემ კომენტარი გააკეთა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომ ტელეკომპანიის წინააღმდეგ, მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მიზნით, შეტევის ახალი ფაზა დაიწყო. როგორც კახა კალაძემ თქვა, ის „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებებს გამორიცხავს.
„საერთოდ არ ვიცი, რა სარჩელზეა ლაპარაკი. დღეს საქართველოში ჩვენ გვაქვს თავისუფლება და ყველა ტელევიზიას, ყველა ჟურნალისტს არავინ არაფერს არ გიზღუდავთ და ამის ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ნიკა გვარამიამ 6 მაისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელმა ნინო ნიჟარაძემ სასამართლოში იჩივლა და სხვა მეწილეებისგან კომპენსაციის სახით დაახლოებით 26 მილიონ ლარს ითხოვს.
გვარამიას თქმით, სარჩელის მიზანია „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, კომპანიის გაკოტრება და მისი შეძენა ბიძინა ივანიშვილის მიერ. ნიკა გვარამიას აზრით, მთავარი სასარჩელო მოთხოვნა იქნება მისი, როგორც დირექტორის, უფლებამოსილების შეწყვეტა, რაც, გვარამიას სიტყვებით, ქართულმა სასამართლომ ივანიშვილის დავალებით ბევრჯერ სცადა. ნიკა გვარამიას განცხადებით, „რუსთავი 2“ ქართულ სასამართლოს არ ენდობა. ის ნინო ნიჟარაძეს სთავაზობს სარჩელი ნებისმიერ საერთაშორისო არბიტრაჟში შეიტანოს.