weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზუგდიდში სამაგიდო სიების საოლქო კომისიაში დააბრუნებენ, ბეჭდებს კი შეცვლიან

14:38 ოთხშაბათი, 15 მაისი 2019

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, გუშინ, 14 მაისს, ზუგდიდის ოლქში გაურკვევლობა გამოიწვია საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის საარჩევნო ინვენტარისა და დოკუმენტაციის - კერძოდ, სამაგიდო სიების, საუბნო საარჩევნო კომისიისა და რეგისტრატორების ბეჭდების გადაცემის პროცესმა. ცესკოს განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება ოპოზიციის განცხადებები, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის მოთხოვნების დარღვევას.

„ცალსახად გვინდა განვაცხადოთ, რომ არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებს შესაბამის ინვენტარს და დოკუმენტაციას კანონის მოთხოვნების სრული დაცვით გადასცემს. ზუგდიდის საარჩევნო ოლქში უბნების რაოდენობის მიხედვით ეს პროცესი  განაწილებულია რამდენიმე დღეზე და მიმდინარეობს საჯაროდ და გამჭვირვალედ“, – განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე განმარტებით, კანონის შესაბამისად, სიების საბოლოო ვერსიის, მათ შორის სამაგიდო ვერსიის, გადაცემა უნდა მოხდეს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეორე დღისა.

„ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის გადაცემული საუბნო საარჩევნო კომისიების ბეჭდებიც და რეგისტრატორების ბეჭდებიც დალუქულია კანონის შესაბამისად და მათი გახსნა მოხდება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ დროს და მათი რამე სახით წინასწარ გამოყენება შეუძლებელია.

მნიშვნელოვანია, რომ ინვენტარისა და დოკუმენტაციის გადაცემა ასეთ სახეს ატარებს ყოველი არჩევნების დროს და აბსოლუტურად კანონიერი პრაქტიკაა არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ სხვა საარჩევნო ოლქებშიც.

ამის მიუხედავად, რამდენადაც ეს საკითხი გახდა სპეკულაციის საგანი და ადგილი ჰქონდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, თითქოს საარჩევნო ოლქის მიერ უბნების სათანადო ინვენტარითა და დოკუმენტაციით აღჭურვა იყო კანონდარღვევა და საფრთხეს უქმნიდა არჩევნებს, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება სამაგიდო სიების და ბეჭდების უკან - საოლქო კომისიაში დაბრუნებისა და მათი მოგვიანებით, - ბიულეტენებთან ერთად გადაცემის შესახებ“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ყოველგვარი ეჭვისა და ინტერპრეტაციების გამოსარიცხად, ცესკო ზუგდიდის ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიების რეგისტრატორების ბეჭდებს მთლიანად შეცვლის.

ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებს თუ გარეშე პირებს, რომ პატივისცემით მოეკიდონ არჩევნების პროცესს და ნუ შეეცდებიან არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ადმინისტრირების პროცესის შესახებ.

გაერთიანებული ოპოზიცია №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. ამ მოთხოვნის საფუძვლად რამდენიმე საარჩევნო უბანზე სამაგიდო სიების დროზე ადრე გაცემას ასახელებენ. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, დაირღვა არა მხოლოდ საარჩევნო კოდექსი, არამედ შესაძლოა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]