weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქალთა მოძრაობა სანდრა რულოვსის მხარდასაჭერად განცხადებას ავრცელებს

18:07 ხუთშაბათი, 16 მაისი 2019

ქალთა მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიციიდან ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის მხარდასაჭერად განცხადებას ავრცელებს. ქალთა მოძრაობა მიიჩნევს, რომ მერობის კანდიდატის წინააღმდეგ ზეწოლა ხორციელდება და ილახება მისი უფლება, კენჭი იყაროს სამართლიანი და თანასწორი არჩევნების პირობებში.

განცხადებას, რომელსაც „სანდრა რულოვსის მხარდასაჭერად“ ჰქვია, უცვლელად გთავაზობთ:

„ქალთა მოძრაობა ვაკვირდებით ზუგდიდში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებს და ვხედავთ მერობის კანდიდატის – სანდრა რულოვსის წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლას.

მიგვაჩნია, რომ სანდრა რულოვსის უფლება – კენჭი იყაროს სამართლიანი და თანასწორი არჩევნების პირობებში, ილახება, მათ შორის, გენდერული ნიშნით. შემაშფოთებელია სანდრა რულოვსის წინააღმდეგ მიმართული შავი პიარი, რომელიც მკვეთრად ავლენს სექსიზმის ნიშნებს: მშვიდობიანი შეკრების დროს სანდრა რულოვსს და მის მხარდამჭერებს თავს დაესხნენ. თავდამსხმელები მათ უწოდებდნენ „ნასედკებს და ბოზებს“.

დღემდე ყველა თავდამსხმელი დაკავებული არ არის, თუმცა მათი იდენტიფიცირება ადვილია. ასევე, სოციალურ ქსელებში ავრცელებენ პოსტერებს, სადაც სანდრა გამოსახულია საცვლებით; მსგავსი სექსისტური შინაარსის მქონე მასალა აქტიურად სპონსორდება და ვრცელდება სამთავრობო ტროლების მიერ.

ოპონენტები ცდილობენ სანდრას სქესი მისივე სისუსტედ წარმოაჩინონ, როცა მას უწოდებენ „რძალს“ და როდესაც აკრიტიკებენ მის ქმარს ცოლის „კაბას და კალთას ამოფარებულობის“ გამო.

ამას ემატება წინასაარჩევნო პერიოდში ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თამაზ ფაცაციას სექსუალური ხასიათის შეურაცხმყოფელი განცხადებები ფეისბუქზე სანდრა რულოვსის მხარდამჭერი ოპოზიციური პარტიის ქალი პოლიტიკოსების, თინა ბოკუჩავას და ანა წითლიძის მისამართით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ სანდრა რულოვსი წლების განმავლობაში ახერხებდა უფასო სკრინინგის პროგრამების შეთავაზებს ქალებისათვის, ის საკუთარი ინიციატივით შეხვდა ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რათა განეხილა ზუგდიდში მცხოვრები ქალების პრობლემები და გაეთვალისწინებინა საარჩევნო პროგრამაში. ქალთა მოძრაობა მიესალმება პოლიტიკოსების დაინტერესებულობას ქალთა საკითხების მიმართ და მიაჩნია, რომ ეს არის ქალთა გაძლიერების ერთ-ერთი აუცილებელი ინსტრუმენტი.

2017 წლის კონსტიტუციური შესწორების შემდეგ მუხლი 11 აცხადებს:

„სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად“.

მიუხედავად ამ ხმამაღალი განაცხადისა, რეალობაში სახელმწიფო სტრუქტურები ვერ ახორციელებენ სანდრა რულოვსის დაცვას; მისი და მისი მხარდამჭერების ფიზიკური უსაფრთხოება გარანტირებული არ არის; მათ სდევნიან და აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, სახელმწიფო სტრუქტურები კი ვერ ახორციელებენ სანდრა რულოვსის უფლებების ეფექტურ დაცვას.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:

– უზრუნველყოს სანდრა რულოვსის პასიური საარჩევნო ხმის უფლების ეფექტური აღსრულება,

– თავი შეიკავოს სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერის დროს გენდერულად დისკრიმინაციული გამონათქვამებისა და კამპანიისაგან;

– შექმნას უსაფრთხო გარემო საქართველოს მოქალაქეებისთვის წინასაარჩევნო პერიოდში. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას

– „ქართულ ოცნებას“ სექსისტური განცხადებების გამო საკუთარი რიგებიდან გარიცხოს თამაზ ფაცაცია“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]