მამუკა ბახტაძის თქმით, ზუსტად ერთი თვის წინ, შეპირდა ბათუმელებს, რომ ბათუმში დაიწყებოდა ისეთივე საგანმანათლებლო სივრცის მშენებლობა, „როგორიც თბილისში ამ წუთებში შენდება“.
„ჩვენ შევარჩიეთ ეს ულამაზესი ადგილი.
აქ ჩვენ ავაშენებთ ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც იქნება კომაროვის სკოლა, საერთო საცხოვრებელი, პროფესიული განათლების ცენტრი, ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიები, იქნება სპორტული მოედნები და სარეკრეაციო სივრცე.
იცით, ჩვენთვის განათლებას რამხელა მნიშვნელობა აქვს, ჩვენ გვაქვს ეროვნული იდეა და ეს არის სწორედ განათლება. ჩვენ აჭარაში გვყავს ყველაზე ნიჭიერი ბავშვები და ეს პროექტი სწორედ მათთვის კეთდება, რომ ყველგან, საქართველოს ყველა კუთხეში შევძლოთ იგივეს გაკეთება, რათა საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს განცდა, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი ნიჭის და ცოდნის რეალიზაცია. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი“, – განაცხადა ბახტაძემ.